ვეფხისტყაოსანი, 1892 წ.

836. “ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ, მას მოვშორდი, ვერ ვეახელ, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ, გამოპარვით წამოსლვითა ღრმთისა სწორნი მოვიმდურვენ, ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ.

837. “პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმერთისგან დიდად ცხოველი, მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა, წყალობისა მთოველი! მას ვუორგულე, წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი, მისი შემცოდე ღრმთისაგან კარგსა აღარას მოველი.

838. “ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა, არ ვუტყუე და მოსრულვარ მგზავრი ღამით და დღისითა; აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა, ცუდ მაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა.

839. “დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო, არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა დავაღადრო: წავალ, ვძებნი, ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო, თვარა ბედი აზომ თურე მიკვეთს, ღმერთსა რაღა ვჰკადრო”.

840. ამის მეტი აღარა სთქვა, ატირდა და წამოვიდა, ქვაბი ჩავლო, წყალსა გახდა, შამბი გავლო, ველს გავიდა; ქარი, ველთა მონაქროლი, ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა, “რად მიმეცო ამა ჭირსა?” ბედსა ამას უზრახვიდა.

841. იტყვის: “ღმერთო, რა შეგცოდე, შენ, უფალსა, არსთა მხედსა, რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა? ერთი ორთა მგონებელი, ვარ საქმესა წარსაწყმედსა, მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა!

842. “მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლელა, იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა; მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა, სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა”.

843. კვლავ იტყვის: “მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა, – რა მჭვუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა? სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა, აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამ-ტანისა”.

844. ყმა გაემართა საძებრად მტირალი, ცრემლთა მფქვეველი, ეძებს, უზახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი; სამ დღემდის მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი, ტყე, ველი; ვერ ჰპოვა, მივა მჭვუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი.

845. იტყვის: “ღმერთო, რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე, რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე! გამკითხველო, გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე, დაამოკლე დღენი ჩემნი, ჭირნი ამით მომილხინე!”

846. მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერ-შეცვლილი, ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი; ჰნახა, შავი შამბთა პირსა დგა სადავე უკუყრილი; სთქვა: “უცილოდ იგიაო, არად უნდა ამას ცილი”.

847. რა შეჰხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა, აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა, ვარდმან ფერი განანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა, ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.

848. რა ტარიელ დაინახა, განაღამცა დაეღრიჯა: ახლოს მყოფი სიკვდილისა სჯდა და პირი დაებღნიჯა, საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა, მას აღარა შეესმოდა; სოფლით გაღმა გაებიჯა.

849. ერთკენ უძს ლომი მოკლული და ხრმალი სისხლ-მოცხებული, კვლავ სხვაგან ვეფხი უსულო, მკვდარი, ქვე-დანარცხებული, მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი ჰსდის გაფიცხებული, მუნ ეგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.

850. თვალთა ახმადცა ზარ-ედვა, სრულად მიჰხდოდა ცნობასა, მიახლებოდა სიკვდილსა, მოჰშორვებოდა თმობასა. ყმა სახელდებით უყივის, ჰლამის სიტყვითა კრთობასა. ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა.

851. ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა, ახლოს უჰზის და უზახის მართ სახელდებით სახელსა; ეტყვის: “ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?” მას არა დია შეესმის რეტსა, თვალ-დაუფახელსა.

852. ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა, – ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა. მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა, ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრივ არვინ შობილა.

853. უთხრა: “ძმაო, არ გიტყუვე, გიყავ, რაცა შემოგფიცე, გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე; აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე, მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთა საჭმლად არ მივიცე”.

854. ყმამან უთხრა: “რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქმ ავსა! ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა, ვის უქმნია შენი მზგავსი სხვათა კაცთა ნათესავსა! რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?

855. “თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა: ჰხამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად სტირსა; ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვიტკირსა. თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.