ვეფხისტყაოსანი, 1892 წ.

643. ავთანდილ უთხრა: ”მე შენი გაყრა არ მომეთმინების; თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების. მართალსა გითხრობ, ამისა კადრება ნუ გეწყინების, შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.

644. “რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყობარი; მან უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი, სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

645. “რაცა გითხრა, მომისმინე ბრძენი გეტყვი, არა ხელი; ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი, – კარგად ვერას ვერ მოივლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი. აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.

646. “იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო; მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო; შენ გენუკვი, შემიჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო, ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.

647. “რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემიპირო, მეცა ფიცით შეგიჯერო, არასათვის არ გაგწირო, კვლავ მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო, ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები, მისთვის ეგრე არ გატირო”.

648. მან მიუგო: ”უცხოს უცხო ეგრე ვითა შეგიყვარდი? გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი; რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუ-მქარდი! ღმერთმან ქმნას და კვლავცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.

649. “პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს, გული მინდორს არ გაიჭრას, არ იირმოს, არცა ითხოს, თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს! შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!”

650. ამას ზედან შეიფიცნეს მოყვარენი გულ-სადაგნი, იაგუნდნი ქარვის ფერნი, სიტყვა ბრძენნი, ცნობა-შმაგნი; შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი, მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.

651. ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა; რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა; ტარიელს თუ ვით ეწყინა, - რა ქმნას,ამას ვერ მიმხვდარა; ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.

652. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა; მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა; ადრე მოსლვასა ჰყვედრებდა, მართ ვითა ია სჭკნებოდა; მან უთხრა: “დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!

653. “ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა, ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუსად არებს იმა ტანსა; აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა! შეიგენით, მიცემულვარ ჭირსა რასმე თანის-თანსა”.

ამბავი ავთანდილის არაბეთს მიქცევისა ტარიელ რომ იპოვნა და წავიდა.

654. იგი მუნით წარმოსული სევდამანცა განა მოკლა! პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს, ხელი მისი გაამხოკლა; სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცი ყოვლნი გაამოკლა; მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

655. მუნ მოვიდა, სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს ნახე, იცნეს, რაგვარადცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს; შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლად, თავნი მისკენ არნეს– “მოვიდაო, აქანამდის ვითვის ლხინი გაგვემწარნეს!”

656. გაეგება, მოეხვია, ზედა დაჰხვდა პირი ხელსა, აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მსვრელსა, ესე სთქვა თუ: “ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ, ანუ ბნელსა, მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი ჭვრეტდენ მრთელსა!”

657. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა; უბრძანა, თუ: “ღმერთსა ვმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა! დიდებულთა თაყვანი-სცეს, აკოცებდეს ვინცა ღირსა, ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა, თუ უნდა მცირსა.

658. მივიდეს, სადა სამყოფლად სახლი დგა მუნ აგებული. მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული; მაშინვე დასჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული, – ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კრებული.

659. შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული ანუ ვით ჰპოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ-დაფახული: “უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი და ხული”

660. მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა: “შენი წასვლა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!” მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, განისვენა, ცისკრად შესჯდა, გაემართა, დღე რა მზემან განათენა.

661. არცაღა დასჯდა ნადიმად, არცაღა ქმნად ხალვათისა; შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა, ფიცხლად წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა. მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა.