ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

587. “იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა; ჰკადრე თუ: “სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა, ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა, არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!”

588. “ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნურცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა; ჰქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკდომა,– ხელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა”.

589. “ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა, ჩემთა მტერთა დავაქადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა; მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა, მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე შემოჭდომა, შემოხვევა.

590. “ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი. ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯერ ვაათასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი, მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ ფიცხელი”.

591. მოვიდა კაცი: “სასიძო მოვაო”, მოსლვა გვახარა, მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა; მეფესა მიხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა, მიბრძანა, ახლოს მიმისვა, “მოდიო”, თავი დახარა.

592. “მიბრძანა: “ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია. გარდავიხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასა, სრულია; კაცი გავგზავნოთ, მოიღონ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია”

593. “მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი; სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ დამზმელნი; შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი; მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი.

594. “მეფემან ბრძანა: “მოკაზმეთ კარვითა მოედანია, გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია; მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია, შენ აქა ნახენ, ნუ წახვალ,– შენგან ესეცა კმარიან.

595. “მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა. მოვიდა სიძე, გარდახდა, – დღე ჰგვანდა არ აღვსებისა, შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა, დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად დას-დასებისა.

596. “მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა; შინა წამოველ მაშვრალი, ქმნა მომნდომოდა ძილისა; მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა: “ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა”

597. “ცხენისაგან არ გარდავხე, წავე ფიცხლად დავმორჩილდი; ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: “ცრემლსა რასა ჰმილდი?” მითხრა: “შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი, გაუწყვედლად ვით გამართლო, რაგვარადმცა გავვაქილდი!”

598. “შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე; მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე, წავდეგ, მიბრძანა: “რასა სდგი დღე გიჩანს წინ საომარე; ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცდომარე?”

599. “მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი. უკუ-ვჰყივლე: “აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი! ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!” შინა მოველ, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.

600. “ასსა ვუბრძანე მონასა: “საომრად დაემზადენით” შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით. კარავსა შეველ; სასიძო ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით, უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა, თუცა ხმდა სისხლისა დენით.

601. “კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე, ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე. წინა მწოლთა დაიზახეს, გლოვა მიხვდა საარაკე, ცხენსა შევჯე, წამოცაველ ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.

602. “ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი. წამოველ, წევნა დამიწყეს; დავხოცე ჩემი მდევარი. ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი!

603. “კაცი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა: “აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა” არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა, ჩემი რა ცნიან, სცევდიან თავებსა მათსა მრთელასა.

604. “ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად; ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად. ებრძანა თუ: “ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად, ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?

605. “ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე? თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე? მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე, დღედ სიკვდილამდი შენიცა თავი არ მაახლებინე!”

606. “მე შევუთვალე: “მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა, მაგრა თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა, მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა.