ვეფხისტყაოსანი, 1892 წ.

566. “რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა! აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა! ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთა-დგმა-დაუთმობელსა!» საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშობელსა.

567. “მე ვუთხარ: “დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია? რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია! აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია». სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია.

568. “მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომივიდა ცხრო და თრთოლა; გულსა ვუთხარ: “ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა, გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა, აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა.

569. “შეველ, ფიცხლად შეველკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული; ას-სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან-დაზმული, წამომყვა და წამოვედით, კართა გარე დარაზმული, ზღვის-პირს მივე, ნავი დამხვდა, მენავემან მჰნახა ცმული.

570. “ნავსა ჩავჯე, ზღვასა შეველ, ზღვასა შიგან გავალაგდი; არსით ნავი მომავალი უჰნახავად არ დავაგდი; მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გავეშმაგდი, რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვძაგდი.

571. “რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა, მაგრა მისი მჰნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა; თანა-მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეხოცა, ვთქვი თუ: “ღმერთსა ვერას ვკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყოცა.

572. “ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა, გული სრულად გამიმხეცდა; არ ვუსმენდი არც ვეზირსა; ყველაკაი დამეფანტა, დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა, – კაცსა ღმერთი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა!

573. “ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი, ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემომგონანი. მისი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი, ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი”.

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ შემოეყარა ზღვისა პირსა.

574. ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი; ჰგვანდეს ქალაქს, ვეახლენით, ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი; არ მიამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი; მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.

575. “ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური; მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური, ვერა მეცნა ეგ ზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური, ველთა ცრემლი ასოლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური.

576. “ზახილი მესმა. შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა, შემოირბევდა ზღვის პირ-პირ, მას თურე წყლული სტკიოდა; ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა, მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა.

577. “ზედა სჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე მე მყავს რომელი, მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი; მონა მივსწივე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი; შევსთვალე : “დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?”

578. “მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა; ფიცხლად შევჯე, ჩავეგებე, მე ჩავუსწარ, ჩავე წინა, ვუთხარ: “დადეგ, გამიგონე, შენი საქმე მეცა მინა!”, შემომხედნა, მოვეწონე, სიარული დაითმინა.

579. “გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: “შენ ასეთნი ხენი ვით ხენ:” მერმე მითხრა: “მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ: იგი მტერნი გამილომდეს, აქამდისცა რომე ვითხენ, უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი გარ ვერ ვითხენ”.

580. მე ვუთხარ: “დადეგ, დაწყნარდი, გარდავხდეთ ძირთა ხეთასა; არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა”. თანა წამომყვა, წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა. მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა.

581. “ერთი მონა დასტაქარი მყვა, და წყლულნი შეუხვივნა, ისრის პირნი ამოუხვნა, დაკოდილნი არ ატკივნა; მერე ვჰკითხე: ვინ ხარ, ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა? საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა.

582. “პირველ მითხრა: “არა ვიცი, რა ხარ, ანუ რას გამსგავსო? ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო? რამან შეჰქმნა მოყვითანოდ, ვარდ-გიშერი რომე ჰრგავსო? ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიცა რად დაგავსო?

583. “მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი, ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი, ესე საზღარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი, ცოტა მაქვს, მაგრა ყოველგნით სიკეთე-მიუწდომელი.

584. “მამის ძმა და მამა-ჩემი პაპა-ჩემმან გაყვნა ოდეს, ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს; თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს; მათკე დარჩა სანადირო,არ მივსცემდი, მომერჩოდეს.