ვეფხისტყაოსანი, 1986 წ.

614. “აწ იგი იქმნას, რაღაცა ენებოს ღმრთისა წადილსა! ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შეჰრჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა! ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა, ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქმნევ სადილსა!”

615. “ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკე მიმიბრუნდა. მოვახსენე: “აჩქარება შენი ყოლა არა უნდა, მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ და,- ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!”

616. “ესეცა ვუთხარ: “ამბავი ჩემი არ გაგეგონების, უფრორე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების”. მან მითხრა: “ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების! დღედ სიკვდილადმდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების”.

617. “მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა; გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა, პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა, ვით ნაფოტასა, ეხვეოდიან, ჰკოცნიდეს ხრმალსა და სალტე-კოტასა.

618. “კვლა მოვეწონე, ვკეთე მე მისი გარდნაკიდარი; შემასხმიდიან ქებასა: “მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!” მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი, ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი”.

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა

619. მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა; დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა; კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა! აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.

620. “მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა; ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა. ფიცხლად ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა: ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ “ვა!”

621. “კვლა სხვასა მივე, მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა, ზღვასა დავანთქი, დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა! სხვანი გამექცეს, მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა; ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდეს, მაქებდეს, არ მაძაგესა.

622. “ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია, კვლა შევიბენით, შეიქმნა ომისა სიფიცხენია. მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია: იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.

623. “თვით ორნივე ბიძა-ძენი მისნი ხმრლითა ჩამოყარნა, ხელნი წმიდად დაეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა, მოიყვანნა მხარ-დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა, მათნი ყმანი აატირნა, მისნი ყმანი ამაყარნა.

624. “მათნი ლაშქარნი გაგვექცეს; ვეცენით, გა-ცა-ვფანტენით. ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით; ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით. მომკალ, თუ ლარი დაჰლიოთ ან აკიდებით, ან ტენით.

625. “ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა. თვით ორნივე ბიძა-ძენი დაპყრობილნი წამოასხნა. მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა; ჩემი თქვეს თუ: “ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!”

626. “მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან, აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან; მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან, გვითხრობდეს: “მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!”

627. “ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ-მეფობით, თვით თავსა მათსა – მონად და ჩემსა – ყველასა სეფობით; დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით, ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ-იეფობით”.

ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა

628. დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით, ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით; ფრიდონ მითხრა: “გითხრობ რასმე”, – ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით, – “ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით”.

629. “მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა: “დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა, – ზღვათა შიგან იხვსა ჰგვანდა, ხმელთა ზედა შავარდენსა– აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.

630. “ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა; ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორს-ა. ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალ-უც მისსა სწორსა, ვერად ვიცან, გონებასა გავეკვირვე ამად ორსა.

631. “ვთქვი: რა არის, რას ვამსგავსო, მფრინველია, ანუ მხეცი? ნავი იყო, გარ ეფარა სამოსელი მრავალ-კეცი; წინა კაცნი მოზიდვიდეს; თვალი ამად დავაცეცი, მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასცა ვეცი.