ვეფხისტყაოსანი, 1986 წ.

518. “რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა; ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა. ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა, ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა.

519. “დედოფალმან თქვა: “ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი, მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი?” შეცილებამცა ვით ვჰკადრე, რათგან თვით იყო მნდომელი! მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი.

520. “გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას შინა შვილისა მთხოელი; შესთვალეს: “გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი; არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოელი, თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი”.

521. “კაცი მოვიდა; აევსო ჯუბაჩითა და რიდითა, გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა; ებრძანა: “მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა! თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!”

522. “კვლა გაგზავნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად, დაჰვედრეს თუ: “ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად”. მე მაშვრალი, ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად”.

ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა

523. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად. ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად, წიგნი მომართვა, ეწერა: “ვინ სჩან ალვისა ტანისად, ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად”.

524. “შევჯე, წავე, ბაღჩას მივე, ვითა სცნობდე, ლხინთა ზომით; ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით; ვნახე, ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით, დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით.

525. “იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა. ვითა წინას შემომცინის, არღა ეგრე გამიღიმდა. ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა, ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.

526. “ჩემნი ერთნი გონებანი, მეტად შორად გამიკიდნა, შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა. შევე, ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა, გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა.

527. “იყო არ-ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი; ებურა მოშლით პირ-ოქრო მე მივეც რიდე რომელი; მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი, ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.

528. “ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული, არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული; ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული, მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.

529. “მიბრძანა: “მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა, გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?! მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა მი- ცისა!” ვჰკადრე: “რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა?”

530. “ვთქვი: “პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა: რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?” კვლაცა მითხრა: “რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა? დიცურად რად მოვღორდი? მე დაუწვავ ამით ალსა!

531. “შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?! შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება, შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება, ღმერთმან ქმნას და დაგირჩინო ცუდად შენი ხელოვნება!

532. “გახსოვს, ოდეს “ჰაი” ჰზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს, მკურნალნი და დასტაქარნი წამალთა-ყე მოგიტანდეს? მამაცისა სიცრუესა სახენიმცა რანი ჰგვანდეს, რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!

533. “ამას ვჰბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა, ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა! ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთარხარ მოსაცეთსა, აზრნი შენნი შენვე გგვანან მტყუანსა და შენ აგეთსა!

534. “ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო! თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო! სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!” ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქნა, აჰ-ყო.

535. თქვა: “რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად, კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად. აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალვარ, რად ვარ რეტად? ვა, სოფელო უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?!

536. “შევჰხედე, ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე, ავიღე, ავდეგ, მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე, ვჰკადრე თუ: “მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე, რათგან არ მომკალ, პასუხი ერთია გკადრო მე ბარე.