ვეფხისტყაოსანი, 1986 წ.

501. “თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო, ამას იქით ნუღარა სტირ, ჭირსა თავი არიდენო; შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო, რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.

502. “იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს; რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულადვე მშვენოდეს; ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს, ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს”.

ტარიელის ტირილი და დაბნედა

503. აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების; თქვა: “მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!” იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების, პირსა დაიდვა, და-ცა-ბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.

504. ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა, ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა; ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა, კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.

505. ავთანდილცა სულთქნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა; ასმათ ვანი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა; მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა; თქვა: “ცოცხალვარ, საწუთრომან აწცა ჩემი სისხლი ხვრიტნა”.

506. ზე წამოჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად. ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად. დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად, დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

507. ავთანდილს უთხრა: “ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა, გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა; ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა, მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!

508. “ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა. წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა. მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა, იგი უცხო და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა”.

წიგნი ტარიელისა საყვარლისა თანა პასუხად

509. მივუწერე: “მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი, გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი; ხელმან შენნი განვიცადენ სინატიფე-სიტურფენი, სულთა ნაცვლად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი?!

510. “მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე, აწცა ჩემთვის ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე; სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე, რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!

511. “განაღამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე; ყაბაჩაცა მას თანავე,, ამისებრი ვერა ვპოვე; დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე, სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!”

512. “ქალი ადგა, გამეყარა, დავწევ, ამოდ დამეძინა; მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა; გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგმულობა მომეწყინა, ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა”.

რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა

513. დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა; ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა, რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.

514. “მიბრძანეს თუ: “ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, და-ცა-გვლია; ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია; ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია, ყმისა არ სმა არად გვაგვა, ამათზედან წაგვითვლია.

515. “აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ, რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ, სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ, არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ”.

516. “ვთქვი: “თქვენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების, მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების; ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების, სხვამცა რა გკადრეთ? თვით იცით, მაგას რა მოეგვარების”.

517. “დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია; ვთქვი: “ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ-საქმნელია!” მეფემან ბრძანა: “ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია, თუ მოგვცემს შვილსა სასიძოდ, მისებრი არ რომელია”.