ვეფხისტყაოსანი, 1986 წ.

711. “შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა. ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა; ძებნა წამლისა მისისა ცოდნა ხამს, მართ უიცისა, ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს მი-ცისა?”

712. ყმამან ჰკადრა: “სიახლითა შევჰრთე ჭირი შვიდსა მე რვა, ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა, ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა, თუ გეახლო, ერთხლ ვა და რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!

713. “ვა თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადათ, გლახ, დამწვავს სამ ალი! გული ძეს საგნად ისრისა, მესვრის საკრავად სამალი; დრო სიცოცხლისა ჩემისა დღისით ღა ჩანს ნასამალი; მალვა მწადს, მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!

714. “მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე! ვარდსა ქაცვი მოაპოვებს, ეკალთამცა რად ვეფხანე! მაგრა მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე, სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე”.

715. ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი, მზესა ასრე ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი; ქალმან მისცა მარგალიტი, სრულ ქმნა მისი საწადელი, ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი.

716. რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს, ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს, მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს: ვა მოყვრისა გაყრილსა ახი ოს ეყოს, ახი, ოს!

717. მათ მიჰხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა; ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა. მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის-მეტითა. იტყვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვა, ჩემთა სისხლთა ხვრეტითა!”

718. ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს, რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფლიდებს, რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს, მის მოყვრისა მოშორება კვლა აბინდებს, არ ადილებს.

719. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად; იტყვის: “მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად; მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად! ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!

720. “ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო, მახია, დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია, დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა, მახია. აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!”.

721. ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს. გულამოსკვნით, ოხვრა-სულთქმით, მიხრის ტანსა, მიაწარებს; საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს, ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!

722. ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების, მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების; ვით მწვანვილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების, ხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების!

723. “გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული– ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი; გული – ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი, ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერც პატრონია რომელი!”

724. რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი, მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი, მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყვისონი, პირსა დაიდვნა, აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი.

725. რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი. ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილნაკრთობი. ერთმანერთსა ეჯავრიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი; მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.

726. მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა: ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა, მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მი და მოდ-ა; მას დღეს მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

727. ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი, შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი; დაჯდა, დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი, ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს რულნი!

728. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა; ბაგეთა გასჭვირს ბროლ-ლალი, მათ კბილთა ელვა ჰკრთებოდა. ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა, უტარიელო ხსენება არვისგან იკადრებოდა

729. ყმამან რაცა არვის უთხრის, კითხვად ვინმცა გამოჰპირდა? მართალ-ა თუ საუბარსა აძვირებდა, ძვირად ღირდა სმა გარდახდა, გაიყარნეს, ყმა წავიდა მი-ცა-სჭირდა, ვეღარ გასძლო გული მისი აუჩუქდა, აუტირდა.

730. ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა. მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა. ზოჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა! ” რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!