ვეფხისტყაოსანი, 1986 წ.

672. “პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს, გული მინდორს არ გაიჭრეს, არ იირმოს, არცა ითხოს, თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს! შენმან-ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!”

673. ამაზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულ-სადაგნი, იაგუნდნი ქარვის ფერნი, სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი; შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი, მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.

674. ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა; რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა; ტარიელს თუ ვით ეწყინა, რა ქმნას, ამას ვერ მიმხვდარა; ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.

675. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა; მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა; ადრე მოსლვასა ჰვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა; მან უთხრა: “დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!

676. “ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა, ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუ სად არებს იმა ტანსა; აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა, შეიგენით, მივცემივრ ჭირსა რასმე თანისთანსა”.

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა

677. იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა! პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს, ხელი მისი გაამხოკლა; სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცი ყოვლი გაამლოკლა; მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

678. მუნ მოვიდა, სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს ნახეს, იცნეს, რაგვარადცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს. შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლად, კაცთა თავნი არნეს: “მოვიდაო, აქანამდის ვითვის ლხინი გაგვემწარნეს!”

679. გაეგება, მოეხვია, ზედა დახვდა პირი ხელსა, აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მრწყველსა; ესე თქვა თუ: “ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ, ანუ ბნელსა? მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი ჭვრეტდენ მრთელსა!”

680. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა; უბრძანა, თუ: “ღმერთსა ვჰმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა! დიდებულთა თაყვანი სცეს, აკოცებდეს ვინცა ღირს-ა, ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა და თუნდა მცირსა.

681. მივიდეს, სადა სამყოფლად სახლი დგა მუნ აგებული. მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული. მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული, ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კრებული.

682. შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული ანუ ვით პოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ-დაფახული: “უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს ჩემთვის დარბაზი და ხული”

683. მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა: “შენი წასვლა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!” მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, განისვენა, ცისკრად შეჯდა, გაემართა, დღე რა მზემან გაათენა.

684. არცაღა დაჯდა ნადიმად, არცა კვლა ქმნად ხალვათისა; შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა, ფიცხლად წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა. მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა.

685. შესთავლა: “მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით! ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით, მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით, აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ შვებით და მშვიდობით”.

686. როსტევან– მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი! შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი: “ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი”. ბრძანა: “ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი”.

687. თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა: “ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა”. იგი მით აკრთთობს ელვასა მზისაცა უთამამოსა, მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.

688. მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა; ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა. მიეგება, მოეგება მხიარული გულ-მხურვალსა, დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი ჰგვანდეს ვითა მთრვალსა.

689. რა მიეახლა, გარდახდა ყმა, თაყვანის-სცა მეფესა; აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა; გულ-მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა; მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

690. მას ავთანდილ თაყვანის-სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა. მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა. პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა ზესა, სახლ-სამყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა.