ვეფხისტყაოსანი, 1986 წ.

691. მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა; ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა. მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა– თოვნა, ვარდსა– ნამა. უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა.

692. სმა გარდახდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა; დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა; მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა, მერმე მისი, უცნობოსა, რა ენახა, რა ესმინა.

693. “მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა: მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა, ვინ უნახავ-ქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა, ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა შორს-მყოფი, ახ ის-ა!”

694. რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან, ქაცვი – ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან, ავანდილ, მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინამან. წვრილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან.

695. “ქვაბნი ომითა წაუხმან, სახლად აქვს დევთა სახლები, საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თანა ნახლები, ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩს სტავრა-ნახლები, აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები”.

696. რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა, ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თვალად არ დუხჭირისა, ეამა ქება ვარდისა ხელით მძლედ დანამჭირისა; “ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, რადღა ხარ მომხვეჭი რისა!”

697. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა; მას დღე იხარებს სმითა და ჭამისა არ მოწყენითა. კვლა საწოლს დაჰხვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა. მისვლა ებრძანა; ეამა, თქმა არ ეგების ენითა.

698. ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი, ლომი მინდორს ლომთა თანა მიარული, ფერ-ნამკრთალი, ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარ–სრული, მრავალ-წყალი, მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.

699. მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ ნადევრი, წყლად ეფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი; ბროლ-ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი, მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა ხამს აქებდეს ენა ბევრი!

700. ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა; სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა; უბნობენ ლაღნი, წყლიანნი, არა სიტყვითა მქისითა; უთხრა: “ჰპოვეა, პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა?”

701. ჰკადრა: “რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა, ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა. ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა, მუნ პირი მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა.

702. “მუნ სარო, მსგავსი ვარდისა, ვნახე, მისჭირდა მი-ნები; იტყვის: “დავკარგე ბროლი და სადა ჰრთავს ბროლსა მინები”. მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები”. მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან, მისგან მონასმინები.

703. სიარულსა მისგან ძებნად სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა, მერმე ჰკადრა საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა: “საწუთრო და სოფელს ყოფა, კაცი უჩსო, ვით ნადირსა, ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების, მინდორს ტირსა.

704. “ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო ჩემგან ვით გაგეგონების? მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების; თვალნი მჭვრეტელთა, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების: ვარდი შექმნილი ზაფრანად, აწ ია შეიკონების!”

705. წვრილად ჰკადრა რა იცოდა, რა ნახული, რა ნასმენად: ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად, მენად; ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად, “ვა, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!”

706. ქალსა რა ესმა ამბავი, მიჰხვდა წადილი ნებისა, განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა; იტყვის: “რა ვუთხრა პასუხი მის სათნებისა თნებისა? რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?”

707. ყმა ეტყვის: “ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა? მან ჩემთვის დაწვა თავისი დადვა, არ-დასაწვავისა, დრო დამიც ჩემგან მისლვისა, მითქვმს დადება თავისა, მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.

708. “ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად; კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად, აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!”

709. მზე ეტყვის: “მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა: პირველ შენ მოხველ მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა, მერე ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა, ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!

710. “საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების: ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების. აქამდის ჭირი ჩნდა ჩემზედა, აწ ასე ლხინად უხვდების, რათგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების?