ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

450. “შემავლო სახლი. ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა; გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა, ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.

451. “შევე, წავდეგ ნოხთა პირსა; მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი განმინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად. მას ბალიში შემოეგდო, – მზისა შუქსა სჯობდა მეტად, ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამის ჭვრეტად.

452. “უბრძანა თუ: “მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!” მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა. დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა; მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა!

453. “მიბრძანა: “ძუღან გეწყინა გაშვება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა: დაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა, მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

454. “თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა: მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა; ძუღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

455. “ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა; ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა. გეცრუო, – ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

456. “წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე; ღმერთმან ჰქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე. მაგრა რა ვქნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე? გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე”.

457. “მოვახსენე: “არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად, მაგრა რადგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკვლელად, შენ სინათლედ თვალთა ჩემთა მიჩნდე მზეებრ სანახველად, აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად.

458. “აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირსა; მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა; შენთა შუქთა შემომადგამ ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა, შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა”.

459. “ზედან წიგნსა საფიცარსა შევფიცე და შემომფიცა; მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა: “უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა, ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთიცა”.

460. “დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით, მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით, მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

461. “მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ-ბალახშ-მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა; ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა, აწ მიკვირს, მისი გამყრელი გული მიც კლდისა ტინისა!”

462. დილასა შევჯე, ვუბრძანე: “ჰკარით ბუკსა და ნობასა”. სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა. ლომმან მივმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს მხდლობასა, უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

463. “დავაგდე მზღვარი ინდოთა. მევლო პაშტაი ხანია, რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთის ხანია, მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: “ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, თქვენნი ინდოთა, თხანია”.

464. “მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი; მითხრეს: “გკადრებს, – ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ-საქმნელი, ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი, მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

465. “რაცა შეგცოდეთ, შეგვინდე, თვით ჩვენვე შეგვინანია; თუ ღმრთითა შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია; ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რისხვით არ დაგვტყდეს ცანია; შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია”.

466. “გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით; მითხრეს თუ: “ხარო ყმაწვილი, ბრძენნი მით გკადრებთ გლახ ენით: არიან მეტად მუხთალნი, ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!

467. “ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა; გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღმრთითა და ცითა, არ დაგმორჩილდენ, შერისხდი რისხვითა, კვლა და კვლაცითა”.

468. “მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები; შევსთვალე: “რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები; სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები; ლაშქართა დავყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები”.

469. “მათ ლაშქართაგან სამასი კარგი მოყმენი ქველანი თანა წამომყვეს, წაცავე, დავყარენ სპანი ყველანი, დავვედრე: “სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, ახლოს მომდევდით, მიშველდით,– გიხმობ, თუ მინდენ შველანი”