ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

529. მომართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი; თაყვანის ვეც და დავლოცე დავლანი მათთა სვეთანი; მაკოცეს, ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი, რა გასცეს, ზომნი, ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი!

530. “კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა; კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა. დედოფალი წამოვიდა, შეეყარა მწუხრსა დღე რა, ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.

531. “ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლს შემოველ, შემექმნა ცნობა მათ ვითა რეტისა. ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა. მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა”.

532. მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მე მართალია: “თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია”. მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია; მოვიდა, ვნახე ასმათი, ჩემთანა მომავალია.

533. “მე ვისთვის ვკვდები, მიამა ასმათის ნახვა მე მისად. აღარ მივუშვი,– ვაკოცე, –ქმნადღა თაყვანის-ცემისად; ხელი მოვკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად, ვჰკითხე თუ: “ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად?

534. “მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურად მეუბნებია!” მითხრა თუ: “გკადრებ მართალსა – აწ ჩემგან არ სათნებია, დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია, აწ კვლაცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი

535. “წიგნი მომართვა,– ჩავხედენ, – პირისა თემთა მთენისა. ეწერა: “ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა. ომ-გარდახდილი ჰშვენოდი, შენატევები ცხენისა, არ ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.

536. “ღმერთმან თუცა ენა ჩემი, ქებად შენდა უშენოსა, შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა; მზემან ლომსა ვარდ-გიშერნი ბაღი ბაღჩად უშენოსა; – შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებს უშენოსა!

537. “თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო, ამას იქით ნუღარა სტირ, ჭირსა თავი არიდენო; შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო, რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.

538. “იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს; რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულითა მშვენოდეს; ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გაღაგვლენოდეს,– ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს”.

539. აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების; თქვა: “მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!” იგი შეიხსნა, მოიღო, – თვალვით არ დაიფასების, პირსა დაიდვა, დაცაბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.

540. ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა, ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა; ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა, კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.

541. ავთანდილცა სულთქნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა; ასმათ ვამნი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა; მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა; თქვა: “ცოცხალვარ, საწუთრომან აწცა ჩემი სისხლი ხვრიტნა”.

542. ზე წამოჯდა ფერმიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად. ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად. დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად, დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

543. ავთანდილს უთხრა: “ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა, გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა; ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა, მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!

544. “ასმათის ნახვა მიამა, ჩემგან დად საესავისა. წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა. მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა, იგი უცხო და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა”.

545. რიდენი და ყაბაჩანი რომე მესხნეს სამძღვნოდ მისად, ერთგან შევკრენ, გაუგზავნენ, მზესა აკლდა ოდნად მისად. ასმათ დიდხანს არ გავუშვი მე იმედად სულთა დგმისად, მისგან კიდე მომეცალა საუბრადმცა სხვადღა რისად?“

წიგნი ტარიელისა საყვარლისა თანა მიწერილი პასუხად

546. მივუწერე: “მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი, გულსა მეცა, – გამიცუდდეს სიჩაუქე-სიალფენი; ხელმან შენნი განვიცადენ სინატიფე-სიტურფენი, სულთა ნაცვლად სამსახურნი რადმცა ვითა გიმუქფენი?