ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

509. მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით, დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით; მეფემან ბრძანა: “ლაშქარნი უხმენით, შემოჯარენით, დღეს ხატაელი მიჩვენნეთ, ტყვენიცა შემომგვარენით”.

510. “რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე; ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე. ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე,– ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!

511. “მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა, ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა. ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა: “შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?”

512. მე ვკადრე: “ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა, თქვენცა უყავით წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა”. რამაზს უბრძანებს: “იცოდი, გაგგზავნი შეწყალებულსა, მაგრა ნუ გნახავთ კვლაცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა”.

513. “ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია, კვლა ხატაური მრავალი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია. მერმე ყველანი დამოსა იგი და მისი ხასია, შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია.

514. “ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა; მოახსენა: “ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა. თუღა ოდეს შეღაგცოდო, მაშინ მომკალ მეცა განა!” წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა.

515. “მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია, ებრძანა: “შენგან გაყრილვარ მას აქათ თვეო სამია, მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია, არ დამაშვრალხარ, წამოდი, თუცა დაშვრომის ჟამია”.

516. “შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა, შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა, მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა; გაეხარნეს მისვლა ჩემი ტურფისა და ლამაზისა!

517. “იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია: “ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტად სასურველია, მან განანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია: რაცა დაგვედრო საქმნელად, ჰქმენ,– არა საზოზღნელია.

518. “აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული; რადგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ-დებული, ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა დღე, ედემს ხლებული! გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული”.

519. “მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა; იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა. ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა; აღარ იბურთეს, დაშლა ჰქმნეს თამაშობისა ორისა.

520. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი. ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი; ფერმიხდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი, ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, – მათრლად არს, არ კატაბანი.

521. “რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა, იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა. მეფე გარდახდა, დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა, შევხედენ, დავკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა.

522. “მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის-ფერნი ჯუბანი, ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი. სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი, მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.

523. “ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება. დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება, ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება; მითხრა: “ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა მტერი შეღაგება”.

524. “ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მიამებოდა. პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა. მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა”. თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.

525. “შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა; სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა; ჯამი და ჭიქა –ყველაი ფეროზისა და ლალისა,– არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.

526. “მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა. არ შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა; კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა, რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!

527. “დააგდეს მღერა მუტრიბთა, “სულეთო!” თავი ხარიან, მიბრძანეს: “შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან?! ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან, მართალ არნ შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან.

528. “აწ თუცა გმართებს შემოსვა, ვის მორჭმით მოგივლენიან, არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით, ტურფად გშვენიან; აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან, თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან”.