ვეფხისტყაოსანი, 1883 წ.

430. “მითხრეს: “მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები, სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები”. მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები, და მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვნეს ვით მაყრები.

431. “კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების, – ერთი კაცი უკმორესწდა, მოდგა, მალვით მეუბნების: “დიდი მაძსო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების, და გაწირვა და დავიწყება ჩემგან შენი არ იქმნების.

432. “მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი. თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვარდი; მკვდარი მიმძიმ საჰნახავად, ტანი მჭევრი, პირი ვარდი; და ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე დამიწყნარდი.

433. “რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ, ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ, კვლავ სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ და აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.

434. “მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან, მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხვევიან. და რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან”.

435. “მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია, “რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა მიდია და თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია”.

436. “არვის გავენდევ სულდგმულსა, დავმალე ვითა ჭორია, რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია; მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი, თუ გზაცა შორია, და შევსთვალე: “ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია”.

437. “ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე ვთქვი თუ: “მოვა რამაზ მეფე ჩემთვის უდგამს თუცა მახე, ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხმალი ბასრი, შუბია ხე” და მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე.

438. “ვთქვი თუ: “ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან, მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას ჰრბიან? და აწ შეველბნეთ ხატაველთა, ხრმალნი ცუდად რას გვაბიან!”

439. “ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყვითა ხაფითა დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა; რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, წაველ დიდითა სწრაფითა, – და მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.

440. “მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა, – ესთქვა თუ: “ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა, და აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულ-ნაკლულობა”.

441. “შევსთვალე თუ: “მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია, თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ იგია ჰბრძანეთ, მოდით, შემებენით, ვითა წესი და რიგია, და მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია”.

442. “რა მივიდა მოციქული, კვლავცა რადღა გამოგზავნეს, – კვამლი შეჰქმნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს, და შექმნეს რაზმი მრავალ-კეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.

443. “შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად, საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად, ერთსა წავსწვდი უტევანსა, წავგრძელდი და წაველ გრძელად და მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.

444. “ახლოს მივე, შემომხედეს, "შმაგიაო'', ესე სთქვესა მუნ მივჰმართე მკლავ მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა, და შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა.

445. “შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანა-ჯორი, და ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი.

446. “ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი: ვკრი რასაცა, ვერ დამიდგის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი, და სითაც ვიყვი, გამექციან, მათ შეჰქმნიან ჩემი რიდი.

447. “საღამო ჟამ დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან: “ნუღარა დგათ, წავედითო, კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან! – მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან, და ნუ-თუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან.”

448. “ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანეს მე არა, რა ეცნა, წამოსულიყვნეს, ღამე წამორთვით ეარა ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა; და გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზეარა.

449. “იგი ჰნახეს, გასაქცევლად გაემართნეს, – შევკივლენით, ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავლენით. რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხმლენით, და მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკვლენით.