ვეფხისტყაოსანი, 1883 წ.

315. “ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან, შესთვალა: “ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან, რადგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან და აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან”.

316. “ერთი სამეფო, საკარგყმო, უბოძა ამირბარობა, თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა მეფე რა დასსჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმცდარობა, და სხვათ პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.

317. “თვით მეფემან მამა ჩემი დაიჭირა სწორად თავსა სთქვა: “ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისცა ჰყავსა!” ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა. და მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

318. “ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა, ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა! და მეფემ ბრძანა: “შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა”.

319. “მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად, საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად, ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად და მოვიწიფე, დავემზგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.

320. “ასმათ, მითხრობდი, რაცა ჰსცნა ჩემგან ამბობა ცილისა ხუთისა წლისა შევიქმენ, მზგავსი ვარდისა შლილისა ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სირისა და არა ჰგაოდის ფარსადანს მისი არა ხმა შვილისა.

321. “ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ-მიხდილისა, მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა იტყოდეს ჩემი მჰნახავნი: “მზგავსია ედემს ზრდილისა!” და აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა!

322. “მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”. ესე რა სთქვა, ყმამან სულთქნა, ცრემლით ჰბრძანა, “შობა ქალი”. დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი: და სთქვა: “მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!

323. “წიგნი წიგნსა ეწეოდა, დედოფალი ოდეს შობდა, მოციქული- მოციქულსა, ინდოეთი სრულად ჰსცნობდა; მზე და მთვარე განსცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა; და ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა.

324. “ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა. ფარსადან დასჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა და საჭურჭლე გასცეს აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.

325. “საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა და აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!”

326. ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი მოაპკურა და სთქვა: “ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ ა.

327. “მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი. შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი, მთვარისა მზგავსი, შვენებით მზისაგან ვერშეფრობილი, – და მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წდობილი!

328. “იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწდომსა! მამასავე ხელთა მიმცეს რა შევიქმენ ამა ზომსა, და ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.

329. “მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა; ქვად ფაზარი სხდა, დათლილი იაგუნდისა, ლალისა, კარზედა ბაღჩა, საბანლად სარაჯი ვარდის-წყალისა და იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!

330. “დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი ზოგჯერ კოშკს სჯდის ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, – ქაჯეთს გათხოვილი, და მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.

331. “სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შადითა ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა ვარდითა ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა და მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

332. “თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა, და სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.

333. “მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან; მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან, შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან. და აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!

334. “მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა! ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა. მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა. და ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა ხსენება იშისა.