ვეფხისტყაოსანი, 1883 წ.

374. “მითხრა: “დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისა-ღაა მალობა და ამას თუ ღირსვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღვთისა წყალობა.

375. “ადგა, მითხრა: “თქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია ნუ მეჭვ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია, და ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია”.

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარლისადმი მიწერილი პირველი

376. წიგნი ვნავხე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა! მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა, და აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა”.

377. “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? ჰსჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია! ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია, და აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია.

378. “შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლავ ჟამი არ მომხდომია, ძუღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, და მანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.

379. “მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაველთა, თავი კარგად გამაჩვენე გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლავმცა რად დასტენე! და მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე”.

380. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალოდა; ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რად დამეთვალვოდა, – გული მი და მო მიარდა, ჰკრთებოდა და მემალოდა და მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გაილალოდა”.

წიგნი ტარიელისა საყვარელთანა პირველად მიწერილი

381. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: “მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია, და სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია!”

382. “ასმათს ვუთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები ესე ჰკადრე: “რადგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოხდები აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები და რაცაღაა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები”.

383. “ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს, ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს და დაცამვედრა, ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.

384. “მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა, მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, და ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.

385. “ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა”. ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა, და “ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა”.

386. “ქალი აღჰსდგა, წამოვიდა მე ლახვართა გულსა მრიდეს ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს შეველლ, დავჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა ჰსმიდეს და მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს”.

წიგნი ტარიელისა ხატაველთათანა მინაწერი

387. გავგზავნე კაცი ხატავეთს და წიგნი ჩემმაგიერი, მივსწერე: “მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი და ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ მადლიერი.

388. “ჩვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიმწარებით, ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით; თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით. და ჰსჯობს, რომე გვნახნე, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით”.

389. “კაცი გავგზავნენ, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები და აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.

390. “პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი, ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი; მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი, და ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვი საწუთროსა გმობანი!