ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

408. ჩუენნო ძმანო და პატრონნო, თქუენგან არ გავიმწარებით; ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით! თქუენ თუ არ მოხვალთ, ჩუენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით. სჯობს, რომე გუნახნეთ, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით”.

409. “კაცნი გავგზავნენ, მე გულსა მამეცა უფრო ლხინები; დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები; მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები, აწ ხელ მქნა, რომე საახლოდ მჴეცთაცა მოვეწყინები.

410. “პირველ გაჭრისა პირება,მერმე დასწყნარდეს ცნობანი ; ჩემთა სწორთაგან იყუნიან ჩემს წინა ნადიმობანი, მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი; ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქუი საწუთროსა გმობანი”

411. “დღესა ერთსა საწოლს მოველ მეფის სრით წამოსრული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თუალთა რული; წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული; კარის მცველმან მონა უჴმო, უთხრა რამე დაფარული.

412. “მონააო ასმათისი”, საწოლს უთხარ შემოყუანა. მოეწერა: “გიბრძანებსო”, ვისი მესო გულსა დანა. ლხინმან ბნელი გამინათლა, ამიფოლხუდა ჯაჭუთა მანა, წაველ, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

413. “ბაღჩა შევვლე, არა დამხუდა კაცი ჩემი მოუბარი; ქალი წინა მამეგება მხიარული, მოცინარი; მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი, მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭკუნელი და დაუმჭკნარი.

414. “ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა; შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა მკრთალითა, მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თუალითა.

415. დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყუა მისსა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამც რამე შინაურსა; ასმათ უჴმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა; “აწ წადიო, ვერას გითხრობს”; მე კულა მიმცა ალმან მურსა.

416. “ასმათ გამომყუა, წამოველ, ფარდაგი გამოვიარე, ვთქუი: “საწუთროო, ვის ძოღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?” გულმან გაყრისა სიძნელე კულა უფრო დამიტიარე!

417. “ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარეთ შიგან ბაღი; მითხრა: “ეგრე წასვლისათჳს ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დაჴაშ, სიხარულის კარი აღი; სირცხვილი აქუს საუბრისა, მერმე თავსა კრძალავს ლაღი.

418. მე უთხარ: “დაო, შენგან ვეჭუ ამა გულისა წამალსა; ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბვითა შრეტდი ამ ალსა; ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყუეტ შენ ზედა -ზედა მავალსა; თუ რას სცნობ ჩემთჳს, არა ვეჭუ მე შენგან, არ, დანამალსა”.

419. “შევჯე, წამოველ, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოველ, ხელ-ქმნილი ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქენ მე ულურჯესი ლილისა; ღამე მერჩია, მეწადა არ გათენება დილისა”.

420. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია, სიტყუანი შემოეთუალნეს ლაღნი და უკადრონია: “არცაღა ჩუენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე უმაგრონია, ვინ არის თქუენი ჴელმწიფე, ჩუენზედა რა პატრონია?

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელს წინაშე

421. “მოეწერა: “რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიელსა. გამიკუირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა! რაგვარა თუ მანდა გეჴმე, ვინ პატრონობს ბევრსა ერსა ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კულაღა წიგნსა შენ მიერსა”.

422. უბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია. იგი ვარსკულავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყუელაი მართ ჩუენკენ მონასხპანია, ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.

423. “ფიცხლა მოვიდეს, არ ექნა მათ შინა ხანდაზმულობა; აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხუარაზმულობა.

424. “ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთუალავითა, თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: “მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა”.

425. “შინა მოველ, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა, თუალთა, ვითა საგუბარი, ცრემლი ცხელი გარდმომჩქეფდა. “ბედი ჩემი უბედური, ვთქუი, თუ ჯერთცა ვერ გამეფდა! ჴელმან ვარდი რად იჴელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა!”’’

426. მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკუირვებულსა; ასმათის წიგნი მამართვა მე, მეტად შეჭირვებულსა, ეწერა: “გიჴმობს შენი მზე შენ, მისთჳს მოსურვებულსა, მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა”.