ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

293. ყმამან უთხრა: “თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ, სიყუარულმან მისმან, ვისთჳს ხელი მინდორს თავსა ვარებ, არას უზამ უგემურსა, არა ოდეს გავამწარებ; რაცა ჩემგან იამების, ვაამებ და შევიყუარებ”.

294. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყუანებლად; “არ ეწყინაო”, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად, ჴელი მოჰკიდა, მოჰყუანდა, ვით მთუარე მოსავანებლად; იგი რა ნახა ტარიელ, თქუა მზისა დასაგვანებლად.

295. გამოეგება ტარიელ, მართებს ორთავე მზე დარად, ანუ ცით მთუარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქუე ბარად, რომე მათ თანა ალვისა ხეცა ვარგიყო ხედ არად, ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხუადმცა რისა ვთქუა მე დარად!

296. მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდეს, ვარდსა ჴლეჩდეს, ბაგეთაგან, კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს, ყელი ყელსა გადააჭუდეს, ერთმანერთსა აუტირდეს, ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუცა ლალად ღირდეს.

297. მობრუნდეს. ყმამან ავთანდილს ჴელი შეუპყრა ჴელითა, ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა. ასმათი სულსა უღებდა, სიტყუითა საკუირველითა: “თავთა ნუ დაჰჴოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქუენითა ბნელითა”.

298. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ დაზრული; ყმასა უთხრა: “მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული, ვინ ხარ, ანუ სით მოსრულ ხარ, სადაური, სით მოსრული მე სიკუდილსა აღარ ვაჴსოვ, ვარ მისგანცა გაწირული”.

299. ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყუები ლამაზებია: “ლომო და გმირო ტარიელ, ვის ტანი გინაზებია, მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია, მიჯნურობითა დამწვარ ვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.

300. “მე პატრონისა ჩემისა ასული შემყუარებია; თჳთ მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ მაგრებია. თუცა არ მიცნობ, გინახავ, თავი ვით გიაზრებია, გაჴსოვსცა, ოდეს დაჰჴოცე მონები არ-საპყრებია?

301. “შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩუენ ზედა გარდგეკიდენით, პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩუენ ჴაფად წაგეკიდენით, გიჴმეთ, არ მოხველ ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით, შენ ველნი წითლად შეღებენ სრულად სისხლისა კი დენით.

302. “ყუელაკასა მათრაჴითა თავი უჴრმლოდ გარდაჰკუეთეთ. მეფე შეჯდა, დაგუეკარგე, კუალი შენი ვერ მოვჰკუეთეთ, ვითა ქაჯი დაიმალე, მონებიცა დავაფეთეთ, ამან უფრო დაგუაშმაგნა, თავი სრულად დავაშეთეთ.

303. “ჭმუნვა შეექნა თქუენც იცით, ჴელმწიფე ნებიერია. მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია, ვერ ნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა, ვერცა ბერია; აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.

304. “მიბრძანა: “მიცან ამბავი მის ყმისა წარჴდომილისა, მაშინ ვარ მქნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა”. სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა. არ გიკუირს, გავძელ ვერ ჭურეტა მისისა მე ღიმილისა?

305. “აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა; თურქნი ვნახენ, რომე თქუენთჳს სიტყუა რამე გაემკუახა; მათრაჴითა ჩამოგეგდო, ერთი მკუდართა დაგესახა; მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე, გლახ, ა”.

306. ტარიელსცა მოეგონა ომი მათი მაშინდელი, თქუა თუ: “მაჴსოვს იგე საქმე, თუცა არის ადრინდელი; ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი; მით ვტიროდი, მამეგონა მე, გლახ, ჩემი წამწყმედელი.

307. “რას მაქნევდით, რად გინდოდი, ერთმანერთსა რათა ვგვანდით? თქუენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩუენ მტირალნი ღაწვსა ვჰბანდით. რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით, აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.”

308. “მოვიხედენ, მომეწია, რა პატრონი შენი, ვნახე, ჴელმწიფობით შემებრალნეს, ამად ჴელი არ შევახე, თუალთა წინა გამოგექეც, მეტი არა შეუზრახე. ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს და სხუასა რასმცა დავასახე!

309. “კაცმან ვერ ასწრას თუალისა დაფახვა, დაწამწამება, მას გავექცევი, ვისგანცა ჩემი არა ვსცნა ამება; მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება, ავად შვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.

310. “აწ ვაშად მოხველ, მიამა ნახვა შენისა პირისა, ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მგზავსი გმირისა, მაგრა გარჯილ ხარ, არა ხარ გარდაუჴდელი ჭირისა: ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა”!

311. ავთანდილ უთხრა: “ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა? მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქუენისა! სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა, რადგან ვერ შეგცულის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.

312. “ მოსრულ ვარ, შენად შეყრამდინ ვიყავ ამბვისა მძებნელი; რა გნახე, შენგან საჴმილმან ბნელსა მიმატა მე ბნელი; ეგე მეც ვიცი, მეცა ვარ მაგა ლახუართა მცბნელი, ბოლოდ იცოდი, სიკუდილი ჩემგან გაყრისა მძებნელი.“