ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

313. “ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა; დამიგდია სამსახური მისი, იქნას, რაცა გინდა; იაგუნდი რაზომცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა, შენ გიახლო სიკუდილამდის, ამის მეტი არა მინდა!

314. ტარიელ უთხრა: “მე შენი გული აწ მემჴურვალების; მიკუირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების! მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების, შენ საყუარელსა გაგყარო, ესე რად გენაცვალების!

315. “წამოსრულ ხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად; ღმერთმან ქნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილ ხარ მამაცურად. მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილ ვარ ასრე თუ რად! მე თუ ვიტყუი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქს ალად, მურად”.

316. ასმათ უთხრა: “ლომო ცრემლით მაგა ცეცხლსა რა ერგების! მე ვითა ვთქუა წვევა თქმისა, რადგან ეგრე არ ეგების; ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთჳს წაეგების, ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქნას რა, ღონე აეგების.

317. “მეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა; ნუ ყოს ღმერთმანა გაძლება, მემცა ვით მივსცე ენასა; თუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან თქუენსა რასამე ლხენასა. არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა”.

318. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაალებული; ასმათს უბრძანა: “მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული; რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული კულა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დასოვლებული.

319. “კაცმან ვით ჰპოოს, ღმრთისაგან რაცა არ დანაბადია! მით გული ჩემი, საჴმილმან აწ ასრე დანაბადია, კულა გზასა მიკრავს, მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია; აწ ჴელთა, ნაცვლად ლინისა, ჩალა მაქუს და ნაბადია.

320. “მაგრამ ღმერთმან მოწყალემან, მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მამცა ამა გზითა: პირველ, შეჰყრის მოყუარეთა ჩემით რითმე მიზეზითა, კულა, ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა.’’

321. ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ჴამსო, მისთჳს სიკუდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს: ღმერთმან ერთი რათ აცხონოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაღა გინდა წამეკიდოს”.

322. ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მოიტანე, დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე; მკუდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე, მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკუანე”.

323. ღილ-ჩაჴსნილი საამბობლად დაჯდა, მჴარნი ამოყარნა; ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა; ვერ გაახუნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა, მერმე სულთქვნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოღვარნა.

324. მოსთქუამს: “ჰაჲ, ჰაჲ, საყუარელო, ჩემო, ჩემთჳს დაკარგულო, იმედო და სიცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო, ვინ მოგკუეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო! ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო!

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ავთანდილთანა

325. ისმენდი, მოეც გონება ჩემთა ნათქუამთა სმენასა, საუბართა და სიტყუათა, ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა, იგი, ვინ ხელ მქნის, მოველი მისგან აროდეს ლხენასა, ვისგან შეუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.

326. “ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: ექუსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თჳთ იყო მპყრობელი, უხვი, მდაბალი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი, ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.

327. “მამა-ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქუა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი; ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერც ცხადი, ვერცა მპარავი; ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.

328. ხალვა მოსძულდა, შეექნა გულს კაეშანთა ჯარები. თქუა: “წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები, ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქუს ზეიმი და ზარები”; ბრძანა: “წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები”.

329. “ფარსადანს წინა დაასკუნა გაგზავნა მოციქულისა, შესთუალა: “შენ გაქუს მეფობა ინდოეთისა სრულისა; აწ მე მწადს, თქუენსა წინაშე მეცა ვსცნა ძალი გულისა, სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა”.

330. “ფარსადან შექნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან. შესთუალა: “ღმერთსა მადლობა შევსწირე ჴმელთა მფლობელმან, რადგან ეგე ჰქენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან. აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან”.

331. “ერთი სამეფო, საკარგყმო, უბოძა ამილბარობა. თჳთ ამილბარსა ინდოეთს აქუს ამირსპასალარობა. მეფე რა დაჯდა, არა სჭირს ჴელისა მიუმცთარობა; სხუად პატრონია, მართ ოდენ არა აქუს კეისარობა.