ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

447. “მათ ლაშქართაგან სამასნი კარგნი მოყმენი, ქუელანი, თანა წამომყუეს, წაცავე, დავჰყარენ სპანი ყუელანი, დავვედრე: “სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, ახლოს მომდევდით, მიშველეთ, გიხმობ, თუ მინდენ შველანი”.

448. “სამ დღე ვიარე, მემთხვია სხუა კაცი მისვე ხანისა. კულა ეძღუნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა, ებრძანა: “მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, რა შეგეყარო, მაშინ სცნა კულა ძღვნობა ამისთანისა”.

449. “კულაცა ეთქუა: “მართალია აზომ ჩემი მონაჴსენი, მე თჳთ წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი”. მოვაჴსენე: “დია, ღმერთო, ბრძანება ვქნა მეცა თქუენი, ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი, ვიყუნეთ ვითა მამა-ძენი”.

450. “მუნით წასული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა; კულა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა; წინა ტურფათა ტაიჭთა ძღუნად ჩემთჳს მოზიდვიდესა: თქუენსა ნახვასა მეფენი, თქუეს მართლად ინატრიდესა”.

451. “მითხრეს: “მეფე მოგაჴსენებს: – მეცა შენ კერძ ვიარები, სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები”. მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მზირები, მეტად ამოდ უალერსე, ერთგან დაწუნეს ვით მაყრები.

452. კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წაჴდების: ერთი კაცი უკმორესწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების: “დიდი მაცო თქუენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიჴდების, გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქუენი არ იქნების.

453. “მე მამისა თქუენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი. თქუენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი; მკუდარი მიმძიმ სანახავად, ტანი მჭევრი, პირი ვარდი, ყუელასავე მოგაჴსენებ, გამიგონე დამიწყნარდი.

454. “რომე ცუდად არ მოჰღორდე, ისი კაცნი გღალატობენ, ერთგან შენთჳს დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ; კულა სხუაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიჴმობენ, აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.

455. “მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭურეტნი ვერ გელევიან; მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან; კუამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხვევიან. რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან”.

456. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიჴდიდია: “რომე არ მოვკუდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია; აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა ვლიდია, თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია!”.

457. “არვის გავენდევ სულდგმულსა, დავმალე ვითა ჭორია. რაცა იქნების, იქნების, ყოვლი თათბირი სწორია! მაგრა სპათაკენ გავგზავნენ თუ კაცი, გზაცა შორია, შევსთუალე: “ფიცხლა წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია”.

458. “მე დილასა მოციქულთა სიტყუა ტკბილი შეუთვალე: “რამაზს ჰკადრეთ: მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე”. ნახევარ დღე სხუა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე. განგებაა, დღესცა მამკლავს, ქუემცა სადა დავიმალე!

459. “ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე; ვთქუი თუ: “მოვა რამაზ მეფე, მას მოუდგამს ჩემთჳს მახე, ჩემი გაჰკუეთს ჴორცსა მათსა ჴრმალი ბასრი, შუბი ახე”. მაშინ უთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე.

460. “ვთქუი თუ: “ძმანო, ისი კაცნი ჩუენ ღალატსა გუიდგებიან, მკლავთა თქუენთა სიმაგრენი ამისთჳსმცა რად დალბიან! ვინცა მოკუდეს მეფეთათჳს, მათნი სულნი ზეცას რბიან. აწ შევებნეთ ხატაელთა, ჴრმალი ცუდად რას გუაბიან!”

461. “უბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყუითა ჴაფითა; დავეკაზმენით საომრად ჯაჭვითა ჯავშან ქაფითა, რაზმი დავაწყევ, მივმართე, წაველ დიდითა სწრაფითა, მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ჴრმალმან დაფითა.

462. მივეახლენით, შეგუატყვეს მათ ტანსა აბჯარცმულობა; კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა; ეთქუა თუ: “ჟამად გუაჩნია ჩუენ თქუენი არ ორგულობა, აბჯრითა გხედავთ, შეგვქნია აწ ამად გულ ნაკლულობა”.

463. “შევსთუალე თუ: “მეცა ვიცი, რაცა ჩემთჳს გაგიგია; თქუენ რასაცა სთათბირობდით, არ იქნების, არ იგია; ბრძანეთ, მოდით, შემებენით, ვითა წესი და რიგია, მეცა თქუენად დასაჴოცლად ჴელი ჴრმალსა დამიგია”.

464. “რა მივიდა მოციქული, კულამცა რადღა გამოგზავნეს! კუამლი შექნეს ლაშქართათჳს, დამალული გაამჟღავნეს; სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს, შექნეს რაზმი მრავალ კეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.

465. შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად; საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად; ერთსა წავსწყდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად. მათ ურიცხუთა რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.

466. ახლოს მიველ, შემომხედნეს, შმაგიაო ესე თქუესა. მუნ მივმართე მკლავ მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა; კაცს შევეც, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰჴდეს მზესა, შუბი გატყდა, ჴელი ჩავჰყავ, ვაქებ, ჴრმალო, ვინცა გლესა!