ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

352. “მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო გაცუდებული, დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ დაღებული; გაყუანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული, ებრძანა: “შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

353. “ჩუენ უფრო გუტკივის იგი, ვინ დაგუაკლდა სწორად თავისა”. ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა აჴდა შავისა, ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა: “შენ გქონდეს ამილბარობა, ქნა მისვე საურავისა”.

354. ავტირდი, დამწვეს მამისა საჴმილთა დაუშრობელთა; უკანის გამომიყუანეს ხასთა მათ წინა მდგომელთა; გამოსლვისათჳს ზეიმი შექნეს ინდოეთს მფლობელთა, შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

355. თჳთ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცეს ძისა დარად. მის ჴელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად; ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად; არ მომეშუნეს, დავმორჩილდი, თაყუანი ვეც ამილბარად.

356. თავადობა ინდოთა და მრავალთაცა მქონდა სხუათა; ვნაპირობდი, თუ ვინ იყუის მავნებელი ჩემთა სპათა; ხალვად ვჯდი და ვიხარებდი, ზემი შევქმნი მღერა სმათა; სპათა ვმოსდი, ვნადირობდი, ქება თქუიან ჩემთა ქნათა.

აქა ამბავი პირველი ტარიელის გამიჯნურებისა

357. ტარიელს თუალნი სისხლისა ცრემლთაგან დაღამებიან, თქუა:–” ნახვისაცა უღირსსა ვისგან საჴმილნი მდებიან, უმისოდ ძმანი რად მძმობენ, ანუ რად დანი მდებიან აწყა ვაჴსენებ დღესა მას, ოდიდგან ცეცხლი მდებიან.“

358. კულა დაიწყო თქმა ამბვისა მან, რა ხანი მოიტირა: – დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გუენადირა; მიბრძანა, თუ: “ქალი ვნახოთ”, ჴელი ჴელსა დამიჭირა. მის ჟამისა მჴსენებელი მე სულდგმული არ გიკუირა?

359. “მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა, გამოუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა; მაშინ დავიწყე გარდაჴდა მე საწუთროსა ვალისა, ალმასისა ჴამს ლახუარი ლახურად გულისა სალისა!

360. “ბახჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა: მფრინველთაგან ჴმა ისმოდა უამესი სირინოსა; მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა. კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

361. ზღუდედ მოვლიდა ზურმუხტი, ხე ალვა დარიგებითა; მეფე გარდაჴდა მუნ, სადა კოშკად ფარაზი გებითა შიგნით შევედით, სრა დაგუხუდა, მოცული ფარდაგებითა. მაშინ ნასობთა ლახუართა, სულნო, ვით დაუდგებითა!“

362. “ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა, მე გარეთ ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა; ვერას ვხედევდი, ოდენ ჴმა მესმოდა საუბარისა. ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.

363. ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარეთ ვდეგ მოფარდაგულსა; ქალსა შევხედენ, ლახუარი მეცა ცნობასა და გულსა, მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა. ვაჲმე, მას აქეთ საჴმილსა დაუწვავ ნიადაგულსა!–

364. “აწ წარჴდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი!” მისი ვერ გასძლო ჴსენება, დაბნდა და სულთქნა მწარენი; ყმა და ასმათი ტიროდეს, ჴმას სცემდეს იგი არენი. ჭმუნვით თქუეს: “მკლავნი ცუდ ქმნილანი, ვაჲ, გმირთა მემუქარენი!”

365. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია, დიდხან ვერა თქუა, სევდამან გული შეუპყრა, დარია; დაჯდა და მწარედ სულთ ითქუნა, ცრემლი მიწასა გარია, თქუა:– “ჩემგან მისი ჴსენება, ვაჲმე, რა დიდი ზარია!

366. მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან; იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან; ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან. ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან.

367. “დურაჯნი მთხოვეს, გავიღე სხუა ვერა გზა ღა თავისა, დავეცი, დავბნდი, წამიჴდა ძალი მჴარსა და მკლავისა, რა სულად მოველ, შემესმა ჴმა ტირილისა და ვისა; გარე მომრტყმოდა ჯალაბი, ვითა ჩამსხდომი ნავისა.

368. “შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა, ზე დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა, პირსა იხოკდეს ჴელითა, ღაწვისა გამპობელითა. მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქუეს გამაბელზებელითა.

369. “მე რა მნახა თუალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია; ცრემლით მითხრა: “შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ ღა სიტყვა თქუია!” მე პასუხი ვერა გავეც , ვითა შმაგი, შევკრთია დია კულა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

370. სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარეშემო მცვიდიან; მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან; მტერ დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან. სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.