ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

543. “ქუე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ გამეხებული, არცა მზე ჰგვანდა, არც მთუარე, ხე ალვა, ედემს ხებული; ასმათმან დამსვა შორს გვარად გულსა მე ლახუარ ხებული; მერმე წამოჯდა წარბ შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.

544. “მიბრძანა: “მიკუირს, რად მოხველ მშლელი პირისა მტკიცისა, გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?! მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენამცა ცისა! ვჰკადრე: “რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უვიცისა?”

545. “ვთქუი: “პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა: რა შეგცოდე, რა მიქნია უცნობოსა, ფერ ნამკრთალსა?” კულაცა მითხრა: “რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა? დიცურად რად მოვღორდი, მე დაუწვავ ამით ალსა.

546. “შენ არ იცი ხუარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყუანება?! შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება, შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება, ღმერთმან ქნას და დაგირჩინოს ცუდად შენი ჴელოვნება!

547. “გაჴსოვს, ოდეს “ჰაჲ ჰაჲ” ზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს, მკურნალნი და დასტაქარნი წამალსყე მოგიტანდეს? მამაცისა სიცრუვესა ნეტარ, სხუანი რამცა გვანდეს! რადგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!

548. “ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა, ეგრეც მე მაქუს პატრონობა, უგზოდ ვლიდენ, თუნდა გზეთსა! ეგრე აგრე არ იქნების, წა, მომცდარხარ მოსაცეთსა, აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა!

549. “ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო! თუ ეცადო დაყოფასა, ჴორცთა შენთა სული გაჰყო! სხუა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ჴელი აჰყო!”'' ესე სიტყუა დაასრულა, ყმა ატირდა, სულ თქმნა, აჰ ყო.

550. – ვთქუი: “რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის მეტად, კულა მიეცა თუალთა ძალი მის ნათლისა ეგრევ ჭურეტად. აწ დავჰკარგე; რად არ გიკუირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად? ვაჲ, სოფელო უხანაო, რად ზი სისხლთა ჩემთა ხურეტად?!

551. “შევხედე, ვნახე სასთუალ მუსაფი გაშლით მდებარე, ავდეგ ავიღე, ღმრთისა და მერმე მათი მქებარე, ვჰკადრე თუ: “მზეო, დაგიწვავს, ჩემიცა დაწვი მზე ბარე, რადგან არ მამკალ, პასუხი ერთი ღა გკადრო მე ბარე:

552. “რომე გკადრებ, ესე სიტყუა აწ თუ ცუდად ნალიქნია, ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთჳს ნუ შუქნია; თუ მაღირსებ გაკითხვასა, ავი არა არ მიქნია;” მან მიბრძანა: “რაცა იცი, თქუიო”, თავი დამიქნია.

553. “კულაცა ვჰკადრე: “მე თუ, მზეო, შენთჳს ფიცი გამეტეხოს ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთჳს გაამეხოს! ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს! მაშა მაშინ როგორ დავრჩე, რა ლახუარი გულსა მეხოს?

554. “მე მეფეთა დარბაზს მიჴმეს, შექნეს დიდი ვაზირობა. მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა. დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა; თავსა ვუთხარ: “მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ მაგრობა”.

555. “მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რადგან იგი ვერ მიმხუდარა! არ იცის თუ, ინდოეთი უპატრონოდ არ გამჴდარა?! ერთი მე ვარ მემამულე, სხუასა მართებს არვის არა! ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?

556. “ვთქვი: “ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხუა რამ მოვიგვარო”; თავსა ვუთხარ: “ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო! მედვა გული მჴეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო, ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო?!”

557. “სულთა ვყიდდი გულისათჳს, კოშკი ამად გამებაზრა; იგი წვიმა დარენელდა, რომე პირველ ვარდი აზრა; ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა. მიბრძანა, თუ: “ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!

558. “არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა, უარის ქნასა ღმრთისასა, ამისთჳს არ მადლობასა; იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა! მე და შენ დავსხდეთ ჴელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა”.

559. “მე ლმობიერად მომიტკბა გამწყრალი, გარისხებული, ანუ მზე იყო ქუეყანად, ან მთუარე პირ გავსებული; ახლოს დამისვა, დამიტკბა, აქამდის არ ღირსებული; მეუბნებოდა, დამივსო ცეცეხლი ამითა გზებული.

560. “მიბრძანა თუ: “გონიერი, ჴამს, აროდეს არ აჩქარდეს, რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს; თუ სასიძო არ მოუშვა, ვაჲ თუ მეფე გაგიმწარდეს, შენ და იგი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაჰქარდეს!

561. “კულა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ, ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგუიფლასდენ, მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩუენ პატიჟნი გაგუიასდენ, ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგუიხასდენ”.

562. “მე ვჰკადრე: “ღმერთმან აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა; რა შემოვიდნენ ინდოეთს, შევიგნა მათი გმირობა, უჩვენო ჩემი ძალ გული და ჩემი მეომარობა: ასრე დავჰჴოცენ, შეეძლოს აღარა არ, საჴმარობა!”