ვეფხისტყაოსანი, 1890 წ.

391. ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე, ვთქვი: “საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?” გულმან გაყრისა სიძნელე კვლავ უფრო დამიტიარე!

392. ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი; მითხრა: “ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დაჰხშე, სიხარულის კარი აღი; სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი.

393. მე ვუთხარ: “დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა; ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა; ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა; თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ დანამალსა”.

394. შესჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოველ, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა, ღამე მერჩია, მეწადა არ გათენება დილისა.

395. ხატავეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია; სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია: “არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია, ვინ არის თქვენი ხელმწიფე, ჩვენზედა რა პატრონია?

X. წიგნი ხატაველთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად.

396. მოეწერა: “რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიელსა; გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა, _ რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ჰპატრონობ ბევრსა ერსა! ამის მეტსა ნუმცა ვჰნახავ კვლავღა წიგნსა შენ მიერსა!”.

397. ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია; იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხპანია, ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია!

398. ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნათ მათ შინა ხან-დაზმულობა; აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, ტაიჭთა მათთა სიკეთე, აბჯართა ხვარაზმულობა.

399. ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა, თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: “მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა”.

400. შინა მივე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა, თვალთათ, ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა,- “ბედი ჩემი უბედური, ვთქვი, ჯერთაცა ვერ გამეფდა, ხელმან ვარდი რად იხელთა, რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა!

401. მონა შემოჰსდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა, ასმათის წიგნი მომართვა მე მეტად შეჭირვებულსა. ეწერა: “გიხმობს შენი მზე შენ მისთვის მოსურვებულსა, მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა”.

402. ვითა მმართებდა, ეგზომი რამც ვითა გავიხარეო! შეღამდა, წაველ, ბაღისა მე კარი შევიარეო; სად ასმათ პირველ მეჰნახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო”.

403. შემოვლენ სახლი ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა; გამოჩნდა მთვარე ნათლითა, გარე შუქ-მონავანითა; ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.

404. შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი გამინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად; მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად. – ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამის ჭვრეტად.

405. უბრძანა თუ: “მოახსენე, ასმათ, დაჰჯდეს, ამირბარსა!” მან ბალიში დამართებით დასდვა მას მზედ საქებარსა; დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა–, მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა!

406. მიბრძანა: “ძუღან გეწყინა გაშვება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა: დაგრჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა, მაგრა ჰხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

407. თუცა ჰმართებს დედა-კაცსა მამა-კაცის დიდი კრძალვა, მაგრა მეტი უარეა არა თქმა და ჭირთა მალვა: მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე-ქვე მისთქვამს იდუმალ ვა; ძუღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

408. ერთმა ერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა; ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა! გეცრუვო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

409. “წა, შეები ხატაველთა, ილაშქრე და ინაპირე; ღმერთმან ჰქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე. მაგრა რა ვქნა; კვლავცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე, გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე”.