ვეფხისტყაოსანი, 1890 წ.

354. ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან, გული უფრორე დამიჭრა ათი ათასმან დანამან; საწოლს მეკარე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან, ვთქვი თუ: “რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?”

355. მონააო ასმათისი. “რა იცისო” ვარქვი, “ჰკითხე;” შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე; გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე! მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე”.

356. მე გამიკვირდა, სით უყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა? მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა, ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს, მერმე დამიწყებს გმობასა, დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.

357. დღენი გამოხდეს, და გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა, ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა; დარბაზს ვერ მივე, მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა, – მაშინ დავიწყე გარდაჰხდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

358. მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა, სხვამან ვეარავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა _ სისხლი დამწამეს; მეფემან ჰბრძანა გახსნევა ხელისა, გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.

359. ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა; ჩემი მონა შემოვიდა, შევხედენ, თუ სთქვას: – რა მინა: “მონაო ასმათისი”, შემოყვანა ვუთხარ შინა; გულსა შინა დავუზრახე, რა მჰპოვაო, ანუ ვინა!

360. მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა; წიგნსა შევატყევ, ლამოდა შეყრისა მოსწრაფებასა; პასუხად ვსწერდი: “ჟამია, მართალ-ხარ გაკვირვებასა; მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა”.

361. გულსა ვარქვი თუ, ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ? ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებებ; აზრად შეიქმენ, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ, თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ”.

362. კაცი მოვიდა მეფისა, სწადსო, ამბისა სმინება; მოყვანა ვუთხარ; ებრძანა, ქმნაცა სისხლისა დინება; მე ვკადრე: “ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება, წინაშე მოვალ, ამისთვის კვლავ უფრო მმართებს ლხინება”.

363. დარბაზს მივე მეფე ჰბრძანებს: “ამის მეტსა ნუ იქ, აბა!” ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა; შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა. მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: “შაბა, შაბა!”

364. შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი; მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი; მეფემან გაჰსცა მრავალი თვალნი, ღარიბად ქებულნი: აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

365. ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად; ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად; ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალად; შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

366. მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: „ქალი ვინმე გიკითხავსო: „ინახვისცა ამირბარი?” ზეწარითა მოუხურავს პირი, ბრძენთა საქებარი; ვარქვი: “საწოლს შეიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი”.

367. ავდეგ, მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად; “შადი” - ვუთხარ,“ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად”; გამოვე და საწოლს შეველ, მონა დადგა კარის მცველად. გული მივეც თმობა – ქმნათა აუგისა საკრძალველად.

368. კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანი-მცა; მითხრა: “მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულა რამან ღირსმცა!” გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა! ვთქვი: “არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ჰზისმცა.”

369. მითხრა: “დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა; გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა; მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისა-ღაა მალობა; ამას თუ ღირსვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღვთისა წყალობა.

370. ადგა, მითხრა: თქვენსა მკრძალსა ჩემგან ცნობა უბნევია, ნუ მეჭვ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია; ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია, ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია”.

VII. წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელისადმი მიწერილი პირველი.

371. წიგნი ვნავხე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა; მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრამ ბნედა ცუდი მძულსა; აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა”.

372. ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენო საქმენი საგმირონია; ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია.