ვეფხისტყაოსანი, 1890 წ.

VI. ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გაუმიჯნურდა.

335. კვლავ დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანნი მოიტირა: “დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა; მიბრძანა, თუ: “ქალი ვნახოთ”, ხელი ხელსა დამიჭირა;. მის ჟამისა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა?!

336. “ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა; მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა; მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა. კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

337. ზღუდედ მოვლიდა ზურმუხტი, ხე ალვა დარიგებითა, მეფე გარდახდა მუნ, სადა კოშკია ბაზარგებითა; შინა შევედით, სრა დაგვხვდა მოცული ფარდაგებითა, მაშინ სასობთა ლახვართა, სულო, ვით დაუდგებითა!

338. “მეფემან ახმა დურაჯთა, მითხრა მიტანად ქალისა; გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა; მაშინ დავიწყე გარდაჰხდა მე საწუთროსა ვალისა, – ალმასისა ჰხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

339. “ვიცოდი, ჰსწადდა არ ვისგან ნახვა მის მზისა დარისა, – მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა; ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა; ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.

340. “ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა; ქალსა შევხედე, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა, მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა, – ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!

341. “აწ წარხდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი”, მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქნა მწარენი; ყმა და ასმათი ტიროდეს, ხმას სცემდეს იგი არენი. ჭმუნვით სთქვეს: “მკლავნი ცუდ ჰქმნილან, ვაი, გმირთ მემუქარენი!”

342. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია, დიდხან ვერა სთქვა, სევდამან გული შეუპყრა დარია – დაჯდა და მწარეთ სულთ-ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია, ჰსთქვა: “ჩემგან მისი ხსენება, ვაიმე, რა დიდი ზარია!

343. “მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან, იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან; ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან; ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან!

344. “დურაჯნი მთხოვნეს; გავიღე სხვა ვერა გზა ღა თავისა, დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა! რა სულად მოვე შემესმა ხმა ტირილისა და ვისა; გარე მომრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა.

345. “შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა, ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა, პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა, მუყრნი მოასხნეს, სენითა მსთქვეს გამაბელზებელითა.

346. “მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია, ცრემლით მითხრა: “შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ ღა, სიტყვა თქვია!” მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი, შევკრთი დია; კვლავ დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

347. “სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარეშემო მცვიდიან; მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან; მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჰჩმახვიდიან. სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

348. “აქიმნიცა იკვირვებდეს: “ესე სენი რა გვარია: სამკურნალო არა სჭირს-რა, სევდა რამე შემოჰყრია;” ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია, დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია”.

349. “სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი: მერმე ცნობა მომივიდა, მივხვდი რასმე მიუმხვდარი; ვთქვი, თუ: “ჰაი რაშიგან ვარ მე, სიცოცხლე-გარდამხდარი!”. თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვკადრე სიტყვა სამუდარი.

350. ვსთქვი თუ, “ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე, მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითმე აღმადგინე, აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!” მანვე ქმნა და მორევჯობდი, გული წყლული გავარკინე.

351. მე წამოვჯე, მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა. ახარებდეს: “წამოსჯდაო”, დედოფალი გამოჰრბოდა; მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა; იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა.

352. იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია; მე მოვახსენე: “პატრონო, გული აწ უფრო მრთელია; ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია”. ცხენი მომგვარეს, შეცავსჯე, მეფე ჩემთანა მვლელია.

353. გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა; ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა; შინა მივე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა; ვთქვი, თუ: “მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა რასღა ღირსა!”