ვეფხისტყაოსანი, 1890 წ.

488. “იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს; რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულითა მშვენოდეს; ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გაღაგვლენოდეს, ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს”.

489. აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ჰსტირს, ჭირი ეათასების; სთქვა: “მე მაქვს სამხრე, რომელი კვლავ წინას მკლავსა მას ების!” იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების, პირსა დაიდვა, დაცაბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.

490. ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა, ორგნით ჰსჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა; ასმათს ჰსდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა, კვლავ წყალსა ასჰხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.

491. ავთანდილცა სულთქმნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა; ასმათ ვამნი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ჰხვრიტნა; მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა; სთქვა: “ცოცხალ-ვარ, საწუთრომან აწცა ჩემი სისხლი ჰხვრიტნა”.

492. ზე წამოსჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად. ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად, – დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად, დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

493. ავთანდილს უთხრა: “ისმენდი, ცნობა მიძს თუცა ხელისა, გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა; ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა, მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა.

494. “ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა; წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა. მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა, იგი უცხო და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა”.

XIII. წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მინაწერი პასუხად.

495. „მივუწერე: “მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი, გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი; ხელმან შენნი განვიცადენ სინატიფე-სიტურფენი, სულთა ნაცვლად სამსახურნი რადმცა ვითა გიმუქფენი?

496. “მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე, აწ ჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე; სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე, რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!

497. “განაღამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე; ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვპოვე; დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე, სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შეველპოვე!”

498. “ქალი ადგა, გამეყარა, დავწევ, ამოდ დამეძინა; მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა; გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგმულობა მომეწყინა, ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა”.

499. დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა; ვნახე, ორნივე ერთგან ჰსხდეს ხასითა ოდენ სამითა, რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.

500. “გვიბრძანეს თუ: “ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, დაცაგვლია, ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია; ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია, ყმისა არ სმა არად გვაგვა, ამათზედან წაგვითვლია.

501. “აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა _ სად მოვნახოთ, რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ, სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ, არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ?”

502. “ვსთქვი: “თქვენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების, მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების; ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების, – სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით, მაგას რა მოეგვარების”.

503. “დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია; ვთქვი: “ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ საქმნელია!” მეფემან ბრძანა: “ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია, თუ მოგვცემს შვილსა სასიძოდ, მისებრივ არ რომელია”.

504. “რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა; ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა. ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა, ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მიდამო კრთებოდა.

505. “დედოფალმან სთქვა: “ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი, მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი!” შეცილებამცა ვით ვკადრე, რადგან თვით იყო მნდომელი! მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა-მხდომელი.

506. “გაჰგზავნეს კაცი ხვარაზმშას შინა შვილისა მთხოელი; შესთვალეს: “გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი; არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოელი, თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი”.