ვეფხისტყაოსანი, 1920 წ.

372. “ქალი ადგა, წამოვიდა მე ლახვართა გულსა მრიდეს, ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს; შეველლ, დავჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა ჰსმიდეს მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს”.

წიგნი ტარიელისა ხატაველთა თანა მინაწერი და კაცის გაგზავნა

373. გავგზავნე კაცი ხატავეთს და წიგნი ჩემმაგიერი, მივსწერე: “მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ მადლიერი.

374. “ჩვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიმწარებით, ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით, თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით. ჰსჯობს, რომე გვნახნე, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით”.

375. “კაცი გავგზავნენ, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.

376. “პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი, ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი; მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი, ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვი საწუთროსა გმობანი.

377. დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული, წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული, კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული.

378. “მონააო ასმათისი”, საწოლს ვუთხარ შემოყვანა, მოეწერა: “გიბრძანებსო”, ვისი მესვა გულსა დანა ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა წაველ, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა.

379. “ბაღჩა შევლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბარი, ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი. მითხრა- “ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი, მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი.

380. “ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა შინაგან სჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა, მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

381. “დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამცა რა შინაურსა ასმათ უხმო, მოიუბნეს ქალი მოდგა, მითხრა ყურსა “აწ წადიო, ვერას გითხრობს”, მე კვლავ მიმცა ალმან მურსა.

382. “ასმათ გამამყვა, წამოველ, ფარდაგი გამოვიარე, ვთქვი: “საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე,” გულმან გაყრისა სიძნელე კვლავ უფრო დამიტიარე.

383. “ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი მითხრა: “ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დაჰხშე, სიხარულის კარი აღი. სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი.

384. “მე ვუთხარ: “დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედაზედა მავალსა თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ დანამალსა”.

385. “შევჯე, წამოველ, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოველ, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა, ღამე მერჩია, მეწადა არ გათენება დილისა.

386. ხატავეთს მყოფნი მოვიდეს, – მათგან მოსლვისა დრონია; – სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია: “არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე უმაგრონია, ვინ არის თქვენი ხელმწიფე, ჩემ-ზედა რა პატრონია.

წიგნი ხატაველთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად

387. “მოეწერა: “რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიელსა: გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა, რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა. ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლავღა წიგნსა შენ მიერსა”.

388. “ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია; იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხრპანია, ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.

389. “ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.