ვეფხისტყაოსანი, 1920 წ.

296. ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცაიდოს, ჰხამსო თუ, მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს: ღმერთმან ერთი რად აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს, შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს”.

297. ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მოიტანე, დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე მკვდარი მნახო, დამიტირე, სულ-თქმა გაათანისთანე, მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე”.

298. ღილ-ჩახსნილი საამბობლად დასჯდა, მხარნი ამოჰყარნა ვითა მზე სსჯდა მოღრუბლებით, დიდ-ხანს შუქი არ დაჰყარნა; ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა, მერმე სულ-თქმნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოჰყარნა.

299. მოსთქვამს: “აჰი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო, იმედო და სოცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო, ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო, ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ას-ჯერ დადაგულო”.

ტარიელისაგან თავისს ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი

300. ისმენდი, მოეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა, საუბართა და საქმეთა, ვითა ძლივ ვათქმევ ენასა; იგი, ვინ ხელ-ქმნა, მოველი მისგან არ-ოდეს ლხენასა, ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.

301. “ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი, უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი, ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი

302. “მამა ჩემი სჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი ნადირობდის და იშვებდის საწუთრო გაუმწარავი.

303. “ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები. სთქვა: “წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები, ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები; ჰბრძანა: “წავალ და მეფესა ფარსადანს შეველწყნარები.

304. “ფარსადანს წინა დაასკვნა გაჰგზავნა მოციქულისა. შესთვალა: “შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა, აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა სახელი დარჩეს ჩემისა ერთ-გულად სამსახურისა”.

305. “ფარსადან შეჰქმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან, შესთვალა: “ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან, რადგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან”.

306. “ერთი სამეფო, საკარგყმო, უბოძა ამირბარობა, – თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა – მეფე რა დასსჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმცდარობა, სხვათ პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.

307. “თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა სთქვა: “ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისცა ჰყავსა”. ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა. მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

308. “ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა, ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა. მეფემ ჰბრძანა: “შვილად გავზდი, თვით ჩემივე გვარი არსა”.

309. “მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად, საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად, ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა ქმნათად. მოვიწიფე, დავემზგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.

310. “ასმათ, მითხრობდი, რაცა ჰსცნო ჩემგან ამბობა ცილისა ხუთისა წლისა შევიქმენ, მზგავსი ვარდისა შლილისა ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სირისა არა ჰგაოდის ფარსადანს მისი არა ხმა შვილისა.

311. “ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ-მიხდილისა, – მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა; იტყოდეს ჩემი მჰნახავნი: “მზგავსია ედემს ზრდილისა”. აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.

312. “მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”. ესე რა სთქვა, ყმამან სულთქნა, ცრემლით ჰბრძანა, “შობა ქალი”. დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი: სთქვა: “მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი.

313. “ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა. ფარსადან დასჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა ყოვლ-გნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა საჭურჭლე გასცეს აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.

314. “საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა”.