ვეფხისტყაოსანი, 1920 წ.

469. “მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა, რა შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა, რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა.

470. “დააგდეს მღერა მუტრიბთა, “სულეო”. თავი ხარიან, მიბრძანეს: “შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან, მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან.

471. “აწ თუცა გმართებს შემოსვა, ვის მორჭმით მოგივლენიან, არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით, – ტურფად გშვენიან აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან, თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან”.

472. “კვლავცა დასჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა კვლავ გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა. დედოფალი წამოვიდა, შეეყარა მწუხრსა დღე რა, ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.

473. “ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მათ ვითა რეტისა. ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა. მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა”.

474. მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მე მართალია: “თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო” მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია მოვიდა, ვნახე ასმათი, ჩემთანა მომავალიო.

475. “მე ვისთვის ვკვდები, მიამა ასმათის ნახვა მე მისად. აღარ მივუშვი, – ვაკოცე, – ქმნადღა თაყვანის-ცემისად ხელი მოვკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად, ვკითხე თუ: “ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად,

476. “მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურად მეუბნებია”. მითხრა თუ: “გკადრებ ამბავსა, – აწ ჩემგან არ სათნებია, დღეს ერთმანერთი გიჰნახავს და ტურფად მოგწონებია, აწ კვლავცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი

477. “წიგნი მომართვა, – ჩავხედენ, – პირისა თემთა მნათისა. ეწერა: “ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა. ომ-გარდახდილი შვენოდი, შენატევები ცხენისა, არ ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.

478. “ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი, ქებად შენდა უშენოსა, შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა მზემან ლომსა ვარდ-გიშერნი ბაღი ბაღჩად უშენოსა, შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებს უშენოსა.

479. “თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო ამას იქით ნუღარა სტირ, ჭირსა თავი არიდენო შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო, რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.

480. “იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს, რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულითა მშვენოდეს; ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გაღაგვლენოდეს, ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს”.

481. აქა მხეც-ქმნილი ტარიელ სტირს, ჭირი ეათასების სთქვა: “მე მაქვს სამხრე, რომელი კვლავ წინას მკლავსა მას ების”. იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების, პირსა დაიდვა, დაცაბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.

482. ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა, ორ-გნით ჰსჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა ასმათს ჰსდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა, კვლავ წყალსა ასჰხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.

483. ავთანდილცა სულ-ჰთქმნა მწარედ, დაბნედილსა შემოჰსჭვრიტნა, ასმათ ვამნი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ჰხვრიტნა მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა სთქვა: “ცოცხალვარ, საწუთრომან აწცა ჩემი სისხლი ჰხვრიტნა”.

484. ზე წამოსჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად. ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად, დიდ-ხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად, დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

485. ავთანდილს უთხრა: “ისმენდი, ცნობა მიძს თუცა ხელისა, გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა. ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა, მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა.

486. “ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა. მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა, იგი უცხო და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა”.

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მინაწერი პასუხად