ვეფხისტყაოსანი, 1920 წ.

449. “რა ყველაი დავიურვე, ხატავეთით გავემგზავრე, წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე, ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე, მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავრე.

450. “ხატავეთისა ხელმწიფე მომყვანშეპყრობილია. ჰინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია, ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.

451. “დგანან ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა, საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა, მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა, მიალერსებდა, მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.

452. “მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით, დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით მეფემან ჰბრძანა: “ლაშქარნი უხმენით, შემოჰჯარენით, დღეს ხატაველი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით”.

453. “რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე ტკბილად ჰნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე, ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიმგულვანე.

454. “მას მეფესა ხატაველსა უმასპინძლა, უალერსა, ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა, ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა: “შეუნდობო ხატაველსა, მას აქამდის შენამტერსა,”

455. “შევკადრე. “ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა, თქვენცა უყავით წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა”. რამაზს უბრძანებს. “იცოდი, გაგგზავნი შეწყალებულსა, მაგრა ნუ გჰნახავთ კვლავცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა”.

456. “ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ას-ჯერ ასია, კვლავ ხატაური მრავალი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია, მერმე ყველანი დამოსა იგი და მისი ხასია, შეწყალებული გაჰგზავნა, უყო რისხვისა ფასია.

457. “ხატაველმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, მოახსენა: “ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა, თუღა ოდეს შეღაგცოდო, მაშინ მომკალ მეცა განა”. წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაატანა.

458. “მოვიდა კაცი მეფისა, – ცისკრობს, არ დანაღამია – ებრძანა: “შენგან გაყრილვარ მას აქათ თვეო სამია, მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია, არ დამაშვრალხარ, წამოდი, თუცა დაშვრომის ჟამია”.

459. “შევეკაზმე, დარბაზს მიველ, დამხვდა ჯარი ავაზისა, შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა, მეფე ქვე სჯდა შეკაზმული, შვენებითა მზგავსი მზისა, გაეხარნეს მისვლა ჩემი ტურფისა და ლამაზისა.

460. “იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია: “ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტად სასურველია, მან განანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია: რაცა დაგვედრო საქმნელად, ჰქმენ, – არა საზოზღნელია.

461. “აწ მისთქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული რადგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ-დებული, ვინცაღა ჰნახავს, აწ ნახოს, აჰა დღე, ედემს ხლებული, გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული”.

462. “მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გჰზისა შორისა, აღარ იბურთეს, დაშლა ჰქმნეს თამაშობისა ორისა.

463. “ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი. ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი, ფერ-მიხდილ გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი, ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, მათრლად არს, არ კატაბანი.

464. “რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაველთასა; იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა; მეფე გარდახდა, დარბაზსა შეველდით ჩემთა მზრდელთასა, შევხედენ, – დავკრთი – ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა.

465. “მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის ფერნი ჯუბანი, ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი. სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი, მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.

466. “ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება. დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა-მომეგება, ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება მითხრა: “ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა მტერი შეღაგება”.

467. “ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მიამებოდა, პირის-პირ მისჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა ჰკვდებოდა. მალვით უჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა”. თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.

468. “შეიქმნა სმა და პურობა, მზგავსი მათისა ძალისა, სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა – ჯამი და ჭიქა ყველაი ფეროჰზისა და ლალის ა –, არ ვისი ჰბრძანა მეფემან არცა გაშვება მთვრალისა.