ვეფხისტყაოსანი, 1883 წ.

296. “რას მაქნევდით, რა გინდოდა, ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით; თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით? რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით, და აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.

297. “მოვიხედე, მომეწია, რა პატრონი შენი ვნახე, ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე, თვალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შევუზრახე და ჩემი ცხენი უჩინოს ჰგავს, სხვასამცა რად ვასახე!

298. “კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება; მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება, და ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.

299. “აწ ვაშად მოხველ, მეამა ნახვა შენისა პირისა, – ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მზგავსი გმირისა; გარჯილხარ, მაგრა არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა; და ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა”.

300. ავთანდილ უთხრა: “ვით მაქებ საქები ბრძენთა ენის, მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა? სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა, და რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.

301. “ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა დამიგდია სამსახური, იგი იქმნას, რაცა გინდა იაგუნდი ეგრეცა ჰსჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა, და შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!”

302. ტარიელ უთხრა: “მე შენი გული აწ მემხურვალების მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების! მაგრა წესია – მიჯნური მიჯნურსა შეებრალების და შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რად გენაცვალების!”

303. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაალებული ასმათს უბრძანა: “მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული! და კვლავ ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.

304. “კაცმან ვით ჰპოვოს, ღმერთისაგან რაც არა დანაბადია! მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბადია, კვლავ გზასა მიკრავს, მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია და აწ ხელთა ნაცვლად სოფლისა ჩალა მაქვს და ნაბადია.

305. “მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით სახითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა, პირველ შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა, და კვლავ ნუ-თუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა”.

306. ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ჰხამსო თუ, მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს: ღმერთმან ერთი რად აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს? და შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს.”

307. ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე, დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე მკვდარი მნახო, დამიტირე, სულ-თქმა გაათანისთანე, და მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე”.

308. ღილ-ჩახსნილი საამბობლად დასჯდა, მხარნი ამოყარნა ვითა მზე სსჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ დაჰყარნა ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა, და მერმე სულ-ჰთქნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოჰყარნა.

309. მოსთქვამს: “ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო, იმედო და სოცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო, ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო, და ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო!”

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი

310. ისმენდი, მოეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა, საუბართა და საქმეთა, ვითა ძლივ ვათქმევ ენასა იგი, ვინ ხელ-ქმნა, მოველი მისგან აროდეს ლხენასა, და ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.

311. “ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი, უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი, და ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი

312. “მამა ჩემი სჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი და ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.

313. “ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები. სთქვა: “წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები, ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები და ბრძანა: “წავალ და მეფესა ფარსადანს შეველწყნარები.

314. “ფარსადანს წინა დაასკვნა გაჰგზავნა მოციქულისა. შესთვალა: “შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა, აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა და სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად სამსახურისა”.