ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

234. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა, ქუაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა, ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა, იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

235. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა, ერთმანერთსა ეხვეოდეს: ყმა ქალსა და ქალი ყმასა; იზახდიან, მოსთქმიდიან, ხმას სცემდიან კლდენი ჴმასა. ავთანდილ სჭურეტს გაკუირვებით მათსა ეგრე ქცევა ზმასა.

236. სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა, ქუაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰჴადა აკაზმულობა, მას ყმასა შეჴსნა, შეიღო აბჯრისა წელ მორტყმულობა; შინა შევიდეს, მას დღესა გარდაჴდა გამოსრულობა.

237. ავთანდილს უკუირს: “ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!” გათენდა, ქალი გარდმოდგა, მოსილი მითვე ფერითა, შავსა აუდვა ლაგამი, სწმედდა რიდისა წვერითა, შეჰკაზმა, მოაქუს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

238. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არას ეჯდა. ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა; ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა; ასმათ, აგრე დაღრეჯილი, კულა უფრორე დაიღრეჯდა.

239. ავთანდილ ახლოს კულა ნახა სახე მისივე კაცისა, ულვაშ-აშლილი, წვერ გამო, “ნუთუ მზეაო”, თქუა, “ცისა?” ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა; ასრე უჩნს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.

240. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა, შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა; ავთანდილ სჭურეტს გაკუირვებით, მალვით ხესა მოეფარა, თქუა თუ: “ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.

241. “აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხუა საქმე რა ვაჯობინო? ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო, ჩემიცა ვუთხრა ყუელაი, მართალი გავაბრჭობინო, მას ყმასა ჴრმალი არა ვჰკრა, არცა მას დავასობინო”

242. ჩამოვიდა, ცხენი აჴსნა, მისგან ხესა შემობმული, ზედა შეჯდა, გაემართა, ქუაბი დახუდა კარ გახმული. მუნით ქალი გამოიჭრა გულ მდუღარე, ცრემლ დასხმული, ეგონა, თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი, ფერ ბაკმული.

243. ვერ იცნა, — სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა; ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა; ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა; ჴმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ სახესა.

244. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭურეტადცა ებილწებოდა, ვითა კაკაბი არწივსა ქუეშე მი და მო ჰკრთებოდა, ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა, ავთანდილ მუჴლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.

245. ეტყოდა: “სულე, რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი, უფერო ქნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი, მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან სარო, პირ ბაკმიანი? სხუად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ჴმიანი”.

246. ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა: “თუ არ შმაგი ხარ, დამეჴსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა! აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკავ ადვილად თხრობასა; ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბისა ცნობასა!”

247. კულა ეტყვის: “ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკევ მე რასა? მაგა საქმესა ვერა იქს ვერცა კალამი წერასა. შენ ერთხელ მეტყუი, მითხარო, მე ასჯერ გითხრობ “ვერასა”; ვითა სიცილი ტირილსა, მიჯობს ვაგლახი მღერასა”.

248. ყმა ეტყუის: “ მხედავ, სისხლისა თუალთა მდის ცრემლთა წყალები, დრო გამიგრძელდა, მიმჭირდა , მაჩნია მითა წყალები, ვიცი, არ მომკლავ, ღარიბი ღარიბსა შეგეწყალები; მაგა ამბვითა დამივსე ცეცხლისა მევე ალები.“

249. “ქალო, არ იცი, სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან, ოდიდგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან; შენ მიპოვნიხარ, სიტყუანი ჩემნი რაზომცა გწყენიან, ვერ დაგეჴსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!”.

250. ქალმან უთხრა: “რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო! მზე არ მახლავს, შეგეტყობის, თრთვილო, ასრე მით მაწყენო! გრძელი სიტყუა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგაჴსენო: ვერასათჳს ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ჰქენო!”

251. კულაცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა, მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა. პირსა ზედა გაგულისდა, თუალთა სისხლი მოედინა, ადგა, თმათა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.

252. ეგრე უთხრა: “მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო? რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო? გიჯობს, მითხრა, ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო, თუარა ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკუდინო!”

253. ქალმან უთხრა: “ეგე ღონე მოიგონე მატად ავი: თუ არ მომკლავ, არ მოვკუდები, მრთელი ვარ და მოუკუდავი. რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი? კულა თუ მამკლავ, სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი”.