... (A-855), XIX ს.

158. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო, ესე სიტყვა ვით მიბრძანე რაგვარა ვჰქნა პატრონობა, რამც გიფერე რამც გიგვანე შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები წამიტანე

159. ყმამან უთხრა მამისმინე, მართლად გითხრობ არა ჭრელად რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად მარგალიტი არვის მიხუდეს, უსასყიდლოდ უვაჭრელად კაცი ცრუ და მოღალატე, ჴამს ლახვრისა დასაჭრელად

160. ვისმცა უთხარ ხვაშიადი, შენგან კიდე არვინ ვარგა უშენოსა პატრონობა, ვის მივანდო ვინ ქნას კარგა სანაპირო გაამაგრე ,მტერმან ახლოს ვერ იბარგა კულავ ნუთუმცა შემოვიქცე, ღმერთმან სრულად არ დამკარგა

161. ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს თუნდა ასი მარტოობა ვერას მიზამს, მცავს მე თუცა ცისა დასი აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა ფლასი წიგნსა მოგცემ გმორჩილობდენ, ვინცა იყოს ჩემი ხასი

აქა წიგნი ავთანდილისა ყმათა თანა

162. დაჰსწერა თუ ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო თქვენ ჩემისა საწადლისა, მიდგომილნო ვითა ჩრდილნო წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოყრილნო

163. მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ გიწერ მე რასა თვით ვიქმ ჴელითა ჩემითა, ამა წიგნისა წერასა ცოტასა ხანსა ვარჩივე, გაჭრა სმასა და მღერასა პურად და საჭმლად მივენდევ, ჩემსა მშვილდსა და ცერასა

164. საქმე რამე მიძს თავისა, ზე სადმე გარდსახვეწელი დავჰყო მარტო და ღარიბად, ესე წლეული მე წელი გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი მე დამახვედროთ სამეფო, მტერთაგან დაულეწელი

165. მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს სიკუდილსა და სიცოცხლესა, სადამდისცა ჩემსა სცნობდეს ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს სადმე არ აჭნობდეს შემცოდესა ყველაკასა, ვითა ცვილსა დაადნობდეს

166. თქვენცა იცით გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი ამას ასრე მორჩილობდით, არს ვითამც ავთანდილი ბუკსა იკრას აქნევინეთ, ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს არ სიცილი

167. ესე წიგნი გაასრულა, წყლიანმან და სიტყვანაზმა წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა ბრძანა მინდორს შევჯდებიო, ლაშქარიცა დაერაზმა მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა

168. ბრძანა წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა მიწყივ მისად საგონებლათ, მისი მკვლელი თინათინა

169. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა ვინცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა ვის მახვილი ვერას ავნებს, იმას ვინმცა წაეკიდა მისგან ტვირთი კაეშნისა, ტვირთად ვარგად გაეკიდა

170. რა ლაშქართა ინადირეს, და პატრონი მოითვალეს იგი პირმზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს მათსა დიდსა სიხარულსა, სამძიმარი ანაცვალეს ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს

171. ღმერთი ლომო შენად ნაცვლად, სხვასა ვისმცა დანერგვიდეს დარბოდეს და სხვაგნით სხვათა, მოამბეთა მოასხმიდეს ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს მისნი სპანი გულმოკლულნი, ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს

172. შერმადინ ერთგან შეყარნა, ხასნი და დიდებულები უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები რა მოისმინეს ყველაი, დარჩა გულდანაწყლულები თავსა იცემდეს არ იყო, გული უცრემლო ულები

173. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა, ჩვენ უმისოდ გვეარმისცა უშენოსა საჯდომი და, ტახტი მისი ვისმცა მისცა განაღამცა გმორჩილობდეთ, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის სცა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასლვა

174. ამ საქმესა მემოწმების, დიონოსი ბრძენი ეზროს საბრალოა ოდეს ვარდი, დაეთრთვილოს დაცაეზროს ვის ბადახში არა გვანდეს, და ლერწამი ტანად ეზროს იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს

175. ავთანდილ იგი მინდორი, ოთხახმით გარდაიარა დააგდო მზღვარი არაბთა, სხვათ მზღვართა არე იარა მაგრა მის მზისა გაყრამან, სიცოცხლე გაუზიარა თქვა თუ მე მასმცა ვიახლე, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა