... (A-855), XIX ს.

98. კვალი ძებნეს და უკვირდათ, ვერ პოვნა ნაკვალევისა აგრე კვალწმიდად წარჴდომა, კაცისა ვითა დევისა ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა მეფემან ბრძანა ვნახეო, მიზეზი ლხინთა ლევისა

99. ბრძანა ღმერთსა მოეწყინა, აქანამდის ჩემი შვება ამად მიყო სიამისა, სიმწარითა დანაღვლება სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალუც განკურნება მასვე მადლი ასე იყო, წადილი და მისი ნება

100. ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა ზოგთა თქვეს თუ მართალია, ზოგი ღმერთო უზრახვიდა

101. მეფე საწოლს შემოვიდა, სევდიანი დაღრეჯილი მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩს ვითა შვილი ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი

102. თინათინს ესმა მამისა, ეგეთი დაღრეჯილობა ადგა და კარსა მივიდა ,ჰქონდა მზისაცა ცილობა მოლარე იჴმო უბრძანა, ძილია თუ უძილობა მან მოახსენა დაღრეჯით, ზის სჭირსო ფერშეცვლილობა

103. ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამითა თინათინ ბრძანა აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამითა მიკითხოს ჰკადრე იყო თქო, აქა ერთითა წამითა

104. ხანი გამოჰხდა იკითხა, ნეტარ რასა იქს ქალიო ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო მოლარე ჰკადრებს მოვიდა, აწყაღა ფერნამკრთალიო დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა, წინაშე მომავალიო

105. უბრძანა თუ წადი უჴმენ, უმისობა ვით გავძლეო მოახსენე რად დაბრუნდი, შენ მამისა სიცოცხლეო მოდი ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო

106. თინათინ ადგა მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა უგავს პირისა სინათლე, მთვარისა მოვანებასა მამამან გვერდსა დაისვა, აკოცა ნებანებასა უბრძანა მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა

107. ქალმან ჰკადრა ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს თქვენი აგრე დაღრეჯანი, მნათობთაცა დაამხობდეს კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭუ ჭმუნვასა ესე სჯობდეს

108. უბრძანა შვილო რაზომცა, მჭირს საქმე სავაგლახია შენი ჭვრეტა და სიცოცხლე, ლხინადვე დამისახია მომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია ვეჭუ რა სცნა შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია

109. უცხოსა და საკვირველსა, ყმასა რასმე გარდვეკიდე მისმან შუქმან გაანათლა, სამყარო და ხმელთა კიდე რა უმძიმდა არ ვიცოდით, ან ტიროდა ვისთვის კიდე ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი წავეკიდე

110. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო თუ მეოცნა

111. ტკბილნი მისნი წყალობანი, ბოლოდ ასრე გამემწარნეს დამავიწყდეს რაცა დღენი, მხიარულსა წამეარნეს ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს

112. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ, მე სიტყვასა დანაყბედსა ჰე მეფეო რად ემდურვი, ანუ ღმერთსა ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა, ყოველთათვის ტკბილად მხედსა ბოროტიმცა რად შეექმნა, კეთილისა შემოქმედსა

113. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება მიუთხრობელი გაგზავნე კაცი ყოველგან, მისთა ამბავთა მცნობელი ადრე სცნობ არის იგი ყმა, შობილი თუ უშობელი

114. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს, ოთხთავე ცისა კიდეთა უბრძანეს წადით პატიჟთა, თავიმცა რად დაჰრიდეთა მონახეთ ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა მისწერეთ წიგნი სადაცა, ვერ მისწვდეთ ვერ მიხვიდეთა

115. კაცნი წავიდეს იარეს, მათ ერთი წელიწადია მონახეს ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია ვერცა თუ ნახეს ნახული, ღმრთისაგან დანაბადია ცუდათ მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია

116. მონათა ჰკადრეს მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით მაგრა ვერ ვჰპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით მისსა მნახავსა სულდგმულსა, კაცსა ვერ შევეყარენით ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი, სხვანი რამ მოიგვარენით

117. მეფე ბრძანებს მართალ იყო, ასული და ჩემი ძეო ვნახე რამე ეშმაკისა, სიცრუვე და სიბილწეო ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო