ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

1724. ტარიელ რამაზ მეფესა უბოძა საბოძვარია; უბრძანა: “ხარკსა მოგვცემდი, მართ ვითა შენი გვარია”; მან თაყვანი სცა, პირსა ქვე მიწამდის დამდებარია, წავიდა მისი მლოცველი, არ ომთა მომკვეხარია.

1725. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკდომილსა: “რაცა შენ ჰქმენ არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა; აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, ერთსა წილსა ზედა დაგსვამ; შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

1726. “ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე; მუნიდაღმე გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!” ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: “შენგან არის ჩემი ღონე, მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?”

1727. მოახსენა: “ხელმწიფეო, ვიკადრებ და ნუ გაწყრები: თუ ხმელეთი სრულად მქონდეს, ვერცა მაშინ გაგეყრები, მე მეყოფა შუქი თქვენი, ვარ მზის ეტლთა შენასწრები, ვერ გავსწირავ ჩემგან ზრდილსა, არცა სხვაგან ვიარები”.

1728. კვლაცა უბრძანა ტარიელ: “კმარს შენი ჭირთ ნახულები; გვახსოვან შენი ჩვენზედა თვალნი ცრემლ-ნაფახულები, სჯობს, მოისმინო ნათქვამი, ჰქმნა ჩემგან გაზრახულები, ბოროტი სცვალო კეთილად, გყვენ სპანი ხრმალ-მახულები”.

1729. დამორჩილდა, მოახსენა: “ჭირთა ჟამი ერთხელია”; მოიყვანეს კარგი მოყმე, გონიერი, არ ხელია: ასმათ მისცეს, მიუძღვების, დაუჭირა სახელია, იგი კაცი გაადიდეს, აქვს მეფობის სახელია.

1730. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია; თამაშობდიან, უსახო მოუდიოდეს ძღვენია; რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია! მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

1731. ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა, უბრძანებდა: “გული, შენი, ვიცი, ამად მომემდურვა; აწ ვაგლახ მე, ჭირი შენნი გონებამან შვიდით ურვა, მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა.

1732. კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: “წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედა-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა; სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა, შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა”.

1733. მასცა უბოძა ფარმანი: “წა, სახლი მოიარეო, მე ნუ გამწირავ, მნახევდი, ადრე მობრუნდი გარეო”; ავთანდილს უთხრა: “უშენოდ რამცა ვით გავიხარეო? რადგან ისწრაფი, რაღა ვქმნა? მოგელის ლომსა მთვარეო!”

1734. როსტენისთვის წაატანა ძღვნად ტურფა ჯუბაჩები, კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები. “ჩემ მაგიერ მიუტანე, წაო, ნურას მეურჩები”. ავთანდილ თქვა: “არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები”.

1735. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე! ერთი თვალი, – წამღებელმან ვერა თქვას თუ “ცუდად ვზიდე” ღამე მზეებრ განანათლოს, ჩნდის, სადაცა შეხედვიდე.

1736. ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა; იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეხლისა ალამა; სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა; ავთანდილ იტყვის: “მომკლაო სოფლისა მე სამსალამა”.

1737. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაჰყარნა, წავიდეს თავის–თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი, ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

1738. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან; ნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან; მასთანა ტახტსა დავეჯდა, ილხინა მჭვრეტთა ლხენამან, გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

1739. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა და-ვე-წყლულდეს, მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

1740. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს; ობოლ–ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს; ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

დასასრული

1741. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა; გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა! ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა, ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა.

1742. ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გმახარებლად.