ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

1705. გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები, ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, გახდა ალვისა მთხელები, ნესტანჯარს ეტყვის: “რადღა ვთქვათ სიტყვები ბედით ხელები, ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი ათასი, არ-ერთხელები.

1706. რა გარდახდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად; დიდებულნი ეთაყვანნეს, ერთობილნი ადგეს სრულად; იგი მზენი მიეგებნეს, მოეხვივნეს გულის-გულად, აკოცეს და მოიკითხეს თავის-თავის, თვითეულად.

1707. ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება; ტარიელ თქვა: “დედოფალო, გჭირს ამათი არა მცნება, ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება, ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება”.

1708. ადგეს და ქალაქს შევიდეს, თვით გარდახდეს სრასა მთასა; ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყვასა ვითა მათსა: “ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, ვერ დავცემენ ყოლ შამათსა, ამად შევიქმ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა”.

1709. უბრძანა: “გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო; დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენის კარითო: ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო, იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო”.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა

1710. დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თვითო ხელი დაუჭირა, ზედა დასხმა მეფისასა ერთგან ტახტსა გაუპირა, მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვიტკირა, გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.

1711. ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი ტარიელ და ცოლი მისი, ერთმანეთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვისი; გონება და ანუ ენა გამოთქმიდა ვითა ვისი! – ვინმცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი!

1712. დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა; დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა; ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა, ბრძანა: “ჭირი დავივიწყოთ, რადგან ლხინი დაგვებადა”.

1713. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი, ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

1714. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს; ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს; მისცე კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს; “ესეაო მეფე ჩვენი”, იზახდეს და ამას ხმობდეს.

1715. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს, ზედა დასხდეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს, ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნი-ღა რად დაბადნეს! ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.

1716. სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს; ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს. მათ ორთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.

1717. დედოფალმან ეგრე ბრძანა: “ობოლ-ქვრივნი მოასხენით: ყველაკაი დაამდიდრეთ, საბოძვრითა აავსენით”; თვით უბოძა უსაზომო, რომ არ ითქმის კაცთა ენით,– “ულოცეთო დღეგრძელობა, ესე ღმერთსა შევედრენით”.

1718. ტარიელ თქვა: “დედოფალო, გკადრებ ერთსა მოსახსენსა: “შეიწყალე რამაზ მეფე, მიავალე ღმერთსა შენსა! ვნახე, მეტად შემებრალნეს, შეუშინდა ხრმალსა ჩვენსა, ღმერთი ალხენს მონანულსა, მოცთომილსა ცრემლ-ნადენსა”.

1719. დედოფალმან ლმობიერად “შევუნდობო”, ესე ბრძანა; მოიყვანა რამაზ მეფე, ხელმწიფეთა ათაყვანა; ყოვლით კერძო მომღერალთა ხმები გაეთანისთანა, ჭირთა მათთა გარდახდილთა ესე ლხინი შეაგვანა.

1720. ოქრო, თვალი, მარგალიტი, შვენიერი სანახავად, ყოვლგან იდვის ვითა გორი, მოდის ველთა მოსარწყავად; ვისცა სწადდის, ალაფობდის, წაიღიან უკითხავად, მანდატური არვის სცვიდის, ბოლოს ვინ ჯდის, ანუ თავად.

1721. ავთანდილ და ფრიდონისთა სპათა ეტყვის მეფე დიდი: “სტუმარნი ხართ, შოებისა სირცხვილი და ნუ გაქვს რიდი”; თვითოს კაცსა თვითო ჯორი, მარგალიტი ანაკიდი,– ესე მისცა საბოძვარი, სხვას ყველასა ვერ დავსთვლიდი.

1722. ავთანდილ და ფრიდონისას საბოძვარსა ვინ დასთვალავს! ვერ გამოსთქვამს სიმრავლესა ენა, ამად თავსა კრძალავს! რაცა ედვა, უკეთესსა დედოფალი არ დამალავს, მათ უხმობდა მხსნელად მათად, ტკბილად უჭვრეტს, არა ჰლალავს.

1723. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან; “თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი”, მართ ამას მოიტყოდიან; ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან, სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.