... (H-1090), XIX ს.

1557. ნესტან დარეჯან თქვა ნეტამც, ყოლე არ შემოგცნებოდი჻ მზისა გამყრელი გაყრითა, აწ ასრე არ დავდნებოდი჻ ამბავსა სცნევდი მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი჻ ვითა მე შენთვის დამწვარვარ, აგრე შენ ჩემთვის დნებოდი჻

1558. თინათინ ჰკადრა ჱე მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო჻ რამცა გაგწირე თუ ვითა, გაყრასა მოვითმინებო჻ ღ~თისაგან დღეთა თხოვისა, ნაცვლად სიკუდილი ვინებო჻ აგრემცა მივი რაზომსა, ცრემლსა მე დავიდინებო჻

1559. კულა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი჻ ქვე დამდგომმან წამავალსა, ვერ მოსწყვიტნა ყოლე თვალნი჻ იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდა ამით ალნი჻ რომე მწადდეს ვერ დავსწერენ, მე სიტყვანი ნაათალნი჻

1560. როსტან მათითა გაყრითა, ხელთაგან უფრო ხელდების჻ ათასჯერ იტყჳს ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების჻ ცხელი ჰსდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების჻ ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების თხელდების჻

1561. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს, მეფე ხვევნით და კოცებით჻ იტყჳს თუ თქვენი სიახლე, მიჩნს აქამდისცა ოცებით჻ რადგან მოგშორდი დავრჩები, პატიჟთა გაასოცებით჻ შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით჻

1562. ტარიელ შეჯდა მეფისა, გამყრელი გამომსალამე჻ სრულად ლაშქართა ჰსდიოდა, ცრემლი მინდორთა სალამე჻ მზე შენ გელმისო საომრად, და თავი შენ მას ალამე჻ უბრძანა თქვენთვის მტირალსა, ყოლა არ მიჩნდეს სალა მე჻

1563. გაემართნეს და წავიდეს, დია სპითა და ბარგითა჻ ტარიელ ფრიდონ ავთანდილ, თავითა მეტად კარგითა჻ კაცი ორმოცი ათასი, ჰყუა ცხენებითა ვარგითა჻ მივლენ სამნივე გულითა, ერთმანერთისა მარგითა჻

1564. სამთავე ვლეს ღ~თნ მათებრ სხვა, ნურა ნუ დაბადოსა჻ მოეგებნიან მტერობა, ვერავინ დაიქადოსა჻ მინდორსა შიგან სადილად, გარდახდეს უდილადოსა჻ ვითა მართებდათ პურობდეს, ღვინოსა სვემდეს არ დოსა჻

1565. ტარიელს და ცოლსა მისსა, მიხუდა მათი საწადელი჻ შვიდი ტახტი საჴელმწიფო, საშვებელი გაუცდელი჻ მათ პატიჟთა დაავიწყებს, ლხინი ესე აწინდელი჻ ყოლა ლხინთა ვერ იამებს, კაცი ჭირთა გარდუხდელი჻

1566. თჳთ ორნივე ერთგან მსხდომნი, ნახნეთ მზეცა ვერა ჰსჯობდეს჻ ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ჴმასა დაატკბობდეს჻ მისცეს კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს჻ ესეაო მეფე ჩვენი, იზახდეს და ამას ხმობდეს჻

1567. ავთანდილ და ფრიდონისთჳს, ორნი ტახტნი დაამზადნეს჻ ზედან დასხდეს ჴელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს჻ ღ~თნ სხვანი ხორციელნი, მათებრნიღა რად დაბადნეს჻ ამბობდიან ჭირთა მათთა, ყუელაკასა გაუცხადნეს჻

1568. სმა პურობა გახარება, ჰქნეს ჯალაბი გაადიდეს჻ ვითარიცა ქორწილობა, ჰჴამს ეგეთსა გარდიჴდიდეს჻ მათ ოთხთავე თავის თავის, ძღვენსა სწორად მიართმიდეს჻ გლახაკთათჳს საბოძვარსა, საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს჻

1569. სრულნი ჰინდონი ავთანდილს, და ფრიდონს მწედ ხადიან჻ თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი, მართ იმას მოიტყოდიან჻ ვითა პატრონსა ჰსჭვრეტდიან, რაც სწადდის მას იქმოდიან჻ სადარბაზობლად ნიადაგ, მათ წინა მოვიდოდიან჻

1570. ჰინდოთ მეფე უბრძანებდა, ასმათს მისსა შეკდომილსა჻ რაცა შენ ჰქმენ არ უქმნია, არ გამზრდელსა არცა ზრდილსა჻ აწ ინდოეთს სამეფოსა, მეშვიდესა ერთსა წილსა჻ ზედან დაგსვამ შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა჻

1571. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთევ, სამეფოსა ეპატრონე჻ მუნიდაღმე გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე჻ ასმათ ფერხნი გარდუკოცნა, შენგანაო ჩემი ღონე჻ მონობისა უკეთესი, რამც ვიშოვნე რამც ვიქონე჻

1572. ერდგან სამთავე ძმობილთა, დაყვნეს ცოტაი დღენია჻ თამაშობდიან უსახო, მოუდიოდეს ძღვენია჻ რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია჻ მაგრამ ავთანდილს სურვილმან, დაღრეჯა დააჩენია჻

1573. ტარიელ ჰსცნა ამა ყმისა, ცოლისათვის მოესურვა჻ უბრძანებდა გული შენი, გაღანამცა მამემდურვა჻ აწ ვაგლახ მე ჭირი შენნი, გონებამან შვიდი თუ რვა჻ მოგშორდები ლხინი ჩემი, საწუთრომან დამიშურვა჻

1574. კულა ფრიდონცა დაეთხოვა, წავიდეო სახლსა ჩემსა჻ ზედა ზედა დავტკეპნიდე, დარბაზსა და ამა თემსა჻ სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა჻ თქვენისათჳს ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა჻

1575. როსტანისთჳს წაატანა, საძღვნოდ ტურფები ჯუბაჩები჻ კულა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები არ ჯამები჻ ჩემაგიერ მიუტანე, წაო ნურას მეუბნები჻ ავთანდილ ჰსთქვა არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები჻

1576. ქალსა ქალმან გაუგზავნა, ყაბაჩა და ერთი რიდე჻ რომე ჩაცმა დაბურვასა, ვინ ღირს იყო მათგან კიდე჻ ერთი თვალი წამღებელსა, ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე჻ ღამე მზეებრ განანათლოს, ჩნდის სადაცა შეხედვიდე჻