... (A-530), XIX ს.

1327. წიგნი და კიდე რიდისა, იცნა და გაცაშალა მან პირსა დაიდვა დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან სულნი გაექცნეს მოჰსდრიკნა, თავი გიშრისა ტალამან მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი, ვერ კაენ ვერცა სალამან

1328. ავთანდილ უჭურეტს ტარიელს, უსულოდ ქვე მდებარესა შეჰფრინდა შველად მიმართა, მას ტკბილად მოუბარესა ვერა ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ ნადებარსა მისთა ნიშანთა სიცოცხლე, მართ მისი მიიბარესა

1329. ავთანდილ დაჯდა ტირილად, ჰსტირს ხმითა შვენიერითა ყორანსა გაგლეჯს ხშირ ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა გახეთქა ლალი გათლილი, ანდამატისა კვერითა მუნით წყარონი გამოხდეს, ძოწსა ვამსგავსე ფერია

1330. პირსა იხოკს ღაწვთა სისხლი, ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა რაცა ვქენო არ უქნია, არცა შმაგსა არცა რეტსა წყალი სწრაფით რად დავასხი, ცეცხლსა ძნელად დასაშრეტსა ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს, გული ლხინსა მეტის მეტსა

1331. მე მოვკალ ჩემი მოყვარე, რა მმართებს გაწბილებულსა თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დაზმით გაგონებულსა ცრუ კაცი კარგა ვერა იქს, საქმესა გაძნელებულსა თქმულა სიწყნარე გმობილი, სჯობს სიჩქარესა ქებულსა

1332. უცნობო ქნილი ტარიელ, ძეს მსგავსად ნატუსალისად ავთანდილ ადგა გამოვლნა, შამბნი საძებრად წყალისად მან პოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად მკერდსა დაასხა გავეხდა, ლაჟვარდი ფერად ლალისად

1333. ავთანდილ მკერდსა დაასხა, მას ლომსა სისხლი ლომისა ტარიელ შეკრთა შეიძრა, რაზმი ინდოთა ტომისა თვალნი აახვნა მიეცა, ძალი ზე წამოჯდომისა ლურჯათ სჩანს შუქი მთვარისა, მზისგან შუქ ნაკრთომისა

1334. ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოჰსცვივიან ზაფხულის მზისა სიახლე, დასწვავს გვალვასა ჰსჩივიან სიცხე ჰსწვავს ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან მაგრა მაზედა ბულბულნი, ტურფასა ხმასა ყივიან

1335. აგრევე გული კაცისა, მოსაგვარებლად ძნელია ჭირსა და ლხინსა ორზედვე, ზედან მართ ვითა ხელია მიწყივ წყლულდების საწუთრო, მისი აროდეს მრთელია იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისი მტერია

1336. ტარიელ ნახა ნაწერი, კულაცა მკვლელისა მისისა იკითხავს თუცა აშეთებს, კითხვა წიგნისა მისისა დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა ავთანდილ ადგა დაუწყო, თხრობა სიტყვისა მქისისა

1337. იტყვის თუ ნაქმრად არ ვარგა, კაცისა გასწავლილისა აწ რადღა გვმართებს ტირილი, ხამს დავსხდეთ ქნად ღიმილისა ადეგ წავიდეთ საძებრად, მის მზისა წახდომილისა ადრე მიგიყვან მიყვანა, არს შენგან მონდომილისა

1338. ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ მერმე შევსხდეთ გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ

1339. მერმე ტარიელ ამბავსა, ჰკითხავს აღარა ბნდებოდა შეხედნის თვალნი ამართნის, შავ თეთრი ელვა ჰკრთებოდა მართ ვითა ლალსა მზისაგან, მას ფერი ეზარდებოდა ვინ ღირსა თუმცა წყალობით, ცა მიწყივ მობრუნდებოდა

1340. ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა მე შენი ქება ვითა ვსთქვა, ბრძენთაგან საქებარისა ვით მზესა მთისა წყარომან, მომრწყე ყვავილი ბარისა დამწყვიტე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარის

1341. მე ვერა გიყო ნაცვალსა, ღ~თი გარდგიხდის ციერი ზეგარდმო მისით შემოგზღოს, მუქაფა ჩემმაგიერი შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ქონდა ძლიერი აწ გავეაძღო სოფელმან, ასმათ ადრითგან მშიერი

1342. ქვაბისა კარსა ასმათი, მარტო სჯდა არ ბარგოსანი შეხედნა იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი მაშინვე იცნა ავარდა, მოშლილი პერანგოსანი

1343. აქამდის მიწყივ ენახა, ქვაბს მისულა მოტირალისა აწ გაუკვირდა დანახვა, სიცილით მომღერალისა ზარ აღებული ავარდა, ცნობა უცს ვითა მთვრალისა არ იცის სმენა ამბისა, ჯერთ მისგან სასურვალისა

1344. მათ რა ნახეს შემოყივლეს, სიცილით და კბილთა ჩენით ჱე ასმათო მოგვივიდა, მოწყალება ღ~თისა ზენით ვჰპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გწადდა იგი ვქენით აწ გავხედითო ბედისაგან, ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით

1345. ავთანდილ ცხენსა გარდახდა, ასმათის მოსახვეველად მან მიჰყო ხელი ალვასა, რტო მოყვა მოსარხეველად ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად რა სცანო რა ქენ მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად

1346. ავთანდილ ასმათს უსტარი, მისცა მისისა ზრდილისა ალვისა შტო დამჭნარისა, მთვარისა ფერ მიხდილისა უთხრა თუ ნახე ნაწერი, მის პატიჟ გარდახდილისა მზე მოგვეახლა მოგვეცა, ჩვენ მოშორვება ჩრდილისა