ვეფხისტყაოსანი, 1890 წ.

XXXIX. წიგნი ნესტან - დარეჯანისა საყვარელსა წინაშე მიწერილი.

1282. აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი მტირალი მისმანვე ცრემლმან დაუვსის ვის ედებოდა ვის ალი! დასწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი, ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი

1283. “ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები, ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველსა ამონაწები, მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები, გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!

1284. “ხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია! რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია. ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია; უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ძნელია.

1285. “ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან, ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან, ნეტარ რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან, გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.

1286. “შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე; ჩემი მესთქვა, გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე; აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე, ჩემი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა შევაწონე.

1287. “შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად, გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად! მომიგონებდე, გახსოვდე მე, შენთვის დაკარგული სად, ვზი მზრდელი სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად.

1288. “სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების: ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების. ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების, აწ კვლავ ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.

1289. “აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მიმისართა, არ დასჯერდა ბედი ჩემი მას პატიჟთა მრავალ-გვართა; კვლავცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა, ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა.

1290. “ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან, გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან, დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან, მათთა შემბმელთა დახოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.

1291. “ნუთუ ესენნი გეგონნეს სხვათა მებრძოლთა წესითა?! ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა; შენ მკვდარსა გჰნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა; მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა.

1292. „შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა, ჩემი სთქვა, სხვათა მიხვდების იგი ალვისა ტანითა, არამ სიცოცხლე უშენო, ვარ აქადისმცა ნანითა; ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა.

1293. “შენმან მზემან, უშენოსა არვის მიხვდეს მთვარე შენი, შენმან მზემან ვერვის მიხვდეს, მოცავიდენ სამნი მზენი; აქა თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი, სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.

1294. “ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლავ დამხსნა სოფლისა შრომასა, ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა; მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა! დღისით და ღამით ვჰხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.

1295. “მზე უშენოდ ვერ იქმნების, რადგან შენ ხარ მისი წილი, განაღამცა მას იახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი! მუნა გნახო, მანდვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი, თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი.

1296. “მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რადგან სულსა, მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა; მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა; ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო,შენთვის დაკარგულსა.

1297. “წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა, მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აღუპყრობელსა, გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა, მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა.

1298. “რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად; ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად. შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად, ვირე ცოცხალ ვარ, გეყოფი სატირლად და სატკივარად.

1299. “აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა, გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა, ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა, – რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა.

1300. ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი, არ დასწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი. თავ-მოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა წვერი, ალვისაგან სული მოჰქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი.