ვეფხისტყაოსანი, 1890 წ.

1397. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა. ამაზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა, ერთმანეთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა, გარდაჰხდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.

1398. კვლავ ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები, დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები: გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები, ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.

1399. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა; მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა; ტარიელ შავსა ზედან ჰზის ტანითა მით წერწეტითა, დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.

1400. ჩემი აწ ესე ნასთქვამი მათი სახე და დარია: რა ზედა წვიმდეს ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია, მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია, მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

1401. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწდომნია, მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია; მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია, აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნეს ფიცხელი ომნია.

1402. სამთავე სამად გაიყვეს, თვითომან თვითო კარები; თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები. მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები, გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავისთავ ჰქონდა ფარები.

1403. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად, მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დახვდეს გულ–ხმიერად; გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად; მიდგეს გარე, მუზარადნი დაიხურეს ჟამიერად.

1404. ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შეჰქმნა წრიალი. რა ნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი. სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავსა მით უყვეს რიალი, იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.

1405. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა: კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა; მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა, ველნი მკვდართა ვერ იტევდა, გადიადდა ჯარი მკვდრისა.

1406. კაცსა უკრავად დაჰბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა, აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდის, სიმაგრე ჯავშან-ქაფისა. სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ნახეს კაფისა, რა ქალაქს შეჰხდეს, შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.

1407. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს, მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლი მათნი მოეღვარნეს, უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს, სთქვეს: “ტარიელ რა იქმნაო?” მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.

1408. ერთმანცა არა იცოდა, ვერა ჰსცნეს ტარიერისა. ციხესა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა; მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა, ათი ათასი ნობათი, უსულო, მზგავსი მტვერისა.

1409. ციხისა მცველნი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული, თავით ფერხამდი დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული, ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული, ცნეს ნაქმრად ტარიელისად, სთქვეს: “საქმე არს მისეული”.

1410. გზანი დახვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა, ჰნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა, მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკვრა თმისა ლელსა, მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.

1411. ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ჰღვარნენ; ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნნს; მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდენ და შუქნი არნენ, – აქანამდის ჭირნახულთა ამას იქით გაიხარნეს.

1412. მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი. კვლავ შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი. აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი, მას მზესა მისცეს სალამი, წარდგეს მართ ვითა ხმობილნი.

1413. მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა, აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა, მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა, ორივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბარითა.

1414. ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს, მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოკითხეს; არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს, თავნი მათნი გაალომნეს, მათნი მბრძოლნი იშვლეს, ითხეს.

1415. სამასისა კაცისაგან ას სამოცი შეჰყოლოდა; ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ცალ-კერძ უხაროდა: მოჰნახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა, რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვა ვით ითქმოდა!

1416. მოჰკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები; სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები, თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები, იგი მზე შეჰსვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.