ვეფხისტყაოსანი, 1890 წ.

1204. ფატმან იტყვის: “მომეშორვა მზე, მნათობი სრულად ხმელთა. სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა. მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა, ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა!

1205. “სახლი და შვილი მომძულდა, ვჯდი უგულოთა გულითა, მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა; უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩნს უსჯულოთა სჯულითა, ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.

1206. დღესა ერთსა, საღამო ჟამს, ჩასლვა იყო ოდეს მზისა, წავდეგ წინა დარაჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა; ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა, ვთქვი: კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა!

1207. “მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყვსითა სამითა, მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა; სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა, სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.

1208. “მე უყურებდი, უჭვრეტდი; სთქვეს: ”ამოდ გავიხარენით, მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით, არც არა ვიცით, ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით, ჰხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით”.

1209. “მათ სხვათა მათი ამბავი ჰსთქვეს, ვითა მგზავრთა წესია; მონამან უთხრა: “ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია: მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია, ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია.

1210. “მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა; მათ მიხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა, – მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა; აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.

1211. “დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია; მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია, აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ჰზის მორჭმული წოდია.

1212. “გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა, შეიჭირვებდეს ვეზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა, – ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა? – როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრ ათასისა.

1213. “როშაქ ჰბრძანა, – ”მოცავინმკლავს, მე ტირილსა არ დავჰხვდები! მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები, შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები, მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წაცავჰყვები”.

1214. “გვითხრა მისთა ხელისათა, – “წავალ, თანა წამომყევით! – წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით. დღისით მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით; დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკე გარდმოვდევით.

1215. “მინდორ-მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა, დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა; ვთქვით თუ, – მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა! – დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.

1216. “ზოგთა სთქვეს, – არის ცისკარი, – ზოგთა სთქვეს, – არის მთვარეო! მას დარაზმულთა მივჰმართეთ, ახლოსაც ვნახეთ ბარეო; შორს მოვუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო, მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.

1217. “გვითხრა: “ვინ ხართ ცხენოსანნო? თქვენ სახელნი თქვენი თქვენით; გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით”. ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით. პირ-მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.

1218. “ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა; მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა; ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა, კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა.

1219. “კვლავ ვეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა. არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა; როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა, აღარ გავუშვით, დაჭირვა ვკადრეთ ხელითა ჩვენითა.

1220. “კვლავ ვჰკითხეთ: “გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა, ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა? –” მან არა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა, – რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა.

1221. “არცა-რა ცხადი ამბავი, არცა-რა დასამალავი, არა არ გვითხრა, ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი; ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა, კუშტი, თავისა მკრძალავი, ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.

1222. “როშაქ გვიბრძანა, – “ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ სათქმელია, ამისა საქმე უცხოა საამბობლადცა ძნელია; ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია, მით, რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.

1223. “ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუგვრია, მივუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია. თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია, პირველ მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია”. –