ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

1281. “შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად, გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად! მომიგონებდე, გახსოვდე მე, შენთვის დაკარგული სად, ვზი მზრდელი სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად.

1282. “სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების: ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების. ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების, აწ კვლავ ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.

1283. “აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მიმისართა, არ დასჯერდა ბედი ჩემი მას პატიჟთა მრავალ-გვართა; კვლავცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა, ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა.

1284. “ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან, გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან, დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან, მათთა შემბმელთა დახოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.

1285. “ნუთუ ესენნი გეგონნეს სხვათა მებრძოლთა წესითა?! ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა; შენ მკვდარსა გჰნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა; მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა.

1286. “შენმან მზემან, უშენოსა არვის მიხვდეს მთვარე შენი, შენმან მზემან ვერვის მიხვდეს, მოცავიდენ სამნი მზენი; აქა თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი, სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.

1287. “ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლავ დამხსნა სოფლისა შრომასა, ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა; მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა! დღისით და ღამით ვჰხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.

1288. “მზე უშენოდ ვერ იქმნების, რადგან შენ ხარ მისი წილი, განაღამცა მას იახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი! მუნა გნახო, მანდვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი, თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი.

1289. “მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რადგან სულსა, მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა; მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა; ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო,შენთვის დაკარგულსა.

1290. “წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა, მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აღუპყრობელსა, გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა, მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა.

1291. “რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად; ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად. შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად, ვირე ცოცხალ ვარ, გეყოფი სატირლად და სატკივარად.

1292. “აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა, გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა, ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა, – რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა.

1293. ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი, არ დასწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი. თავ-მოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა წვერი, ალვისაგან სული მოჰქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი.

1294. იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მიმავალი, წამ ერთ მიხვდა ფატმანისას, დღე იარა არ-მრავალი. რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი, ხელ-აპყრობით ღმერთსა ჰმადლობს, ცნობა-სრული, არა მთრვალი.

1295. ფატმანს უთხრა: “გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი, დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი, წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსულა შარშანდელი, ფიცხლად ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ-ამწყვედელი”.

1296. ხათუნმან უთხრა: “ჰე, ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების; მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების; ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების, თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების”.

1297. ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა, მასთანა ხლებულნი; უბრძანა: “მკვდარნი აქამდის, აწღა ვართ დაცოცხლებულნი, რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გახარებულნი, ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი!

1298. “მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ-ნაცქაფავი; მე ვერა ვჰნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი. მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლავ უფრო გასახაფავი, თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი.

1299. “ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები; მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შეველყრები; აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები, ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი ამად გეძუნწები.

1300. “სახლი არ მახლავს, არ ძალ-მაქვს გაცემა საბოძვარისა” მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ჯარისა; უბრძანა: “წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა, ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმად ნაფიცარისა”.