ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

1358. იარეს და ზედან შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა; ჯოგი ჰნახეს, მოეწონა ფრიდონისთვის ეაგეთა. მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: “გაქნევ კარგთა სიშმაგეთა, მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა.

1359. “ჯოგი წაუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად, გამოემართვის საომრად, ველთა სისხლისა დაღებად, ანაზდად გვიცნობს, გაკრთების, გულსა შეჰლამის დაღებად, – ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შეველიქმს ლაღებად”.

1360. დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა. მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა, ეკრა კვესებსა; უყივლეს: “ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქმთ საქმესა ზესებსა? ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა”.

1361. მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს; მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს: “გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!” ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დარიდნეს.

1362. შეეკაზმა ფრიდონ, შესჯდა, შეკაზმული გამოვიდა. ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა. იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაჰზვრიდა; დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.

1363. რა ტარიელ ფრიდონ იცნა, – “აწ ვნახეო, ვინცა მინა”. მუზარადი მოიხადა, გაიღიმა, გაიცინა; ფრიდონს უთხრა: “რასა ჰლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა? პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა”.

1364. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანი-სცა. იგინიცა გარდაუხდეს, მოეხვივნეს, აკოცისცა. ფრიდონ ღმერთსა ხელ-აპყრობით უსაზომო მადლი მისცა, დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.

1365. ფრიდონ უთხრა: “რასა სდეგით, მოგელოდი უწინარე, მე მზა ვარო, სამსახური თქვენი რამცა დავიზარე;” ჰგვანდა, თუცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე, ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.

1366. ფრიდონის სახლსა გარდაჰხდეს ორნივე, ტურფად გებულსა. ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად შეფიცებულსა. ტარიელ დასჯდა საჯდომსა, ოქსინო გარდაგებულსა, მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.

1367. უთხრეს: “ჯერ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია, მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია”. მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია: “ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია”.

1368. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა, – აბანოს ჰბანა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა, დამოსნა ტურფა ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა, თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.

1369. უთხრა თუ: “ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა, — ჰგავს, მოსწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა, ვითა ხელისა, მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წავლა სჯობს გჰზისა გრძელისა, თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა.

1370. “დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა, კარგნი გვინდა და ცოტანი; სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი; ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ხრმალთა კოტანი, მას ადრე ვპოებთ, ვისიცა მოგვკლავს ალვისა, ამო ტანი.

1371. “ქაჯეთს ერთხელ კვლავც ყოფილვარ, ჰნახავთ, თქვენცა გემაგრების, ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების; თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების, მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგვყვების”.

1372. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა. მუნ დააგდეს ქალი ასმათ; ფრიდონ მისცემს საჩუქარსა. თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა; ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა.

1373. ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა; ფრიდონ გზა იცის, იარეს, დღისით და ღამით რებულთა. ფრიდონ სთქვა: “ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა; აქათგან ღამით ვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა”.

1374. ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ჰზმიდიან: რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლად ვლიდიან; მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან, გარე კლდე იყო, გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან.

1375. გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია; მათ ლომთა ჰნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია; სთქვეს:”ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ, აწ გამორჩევა ძნელია; ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია”.

თათბირი ნურადინ ფრიდონისა, ავთანდილისა და ტარიელისა ქაჯეთის ციხეს რომ მოადგეს.

1376. ფრიდონ სთქვა: “ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცდარია. ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია; პირის პირ ომი არ ძალ–გვაქვს, არ-ჟამი საკვეხარია, ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.