ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

1397. ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შეჰქმნა წრიალი. რა ჰნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი. სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავსა მით უყვეს რიალი, იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.

1398. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა: კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა; მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა, ველნი მკვდართა ვერ იტევდა, გადიადდა ჯარი მკვდრისა.

1399. კაცსა უკრავად დაჰბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა, აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდის, სიმაგრე ჯავშან-ქაფისა. სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ჰნახეს კაფისა, რა ქალაქს შეჰხდეს, შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.

1400. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს, მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლი მათნი მოეღვარნეს, უყივლეს და ერთმანერთი ჰნახეს, დიდად გაეხარნეს, სთქვეს: “ტარიელ რა იქმნაო?” მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.

1401. ერთმანცა არა იცოდა, ვერა ჰსცნეს ტარიერისა. ციხესა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა; მუნ ჰნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა, ათი ათასი ნობათი, უსულო, მზგავსი მტვერისა.

1402. ციხისა მცველნი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული, თავით ფერხამდი დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული, ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული, ცნეს ნაქმრად ტარიელისად, სთქვეს: “საქმე არს მისეული”.

1403. გზანი დახვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა, ჰნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა, მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკვრა თმისა ლელსა, მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.

1404. ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ჰღვარნენ; ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნნს; მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდენ და შუქნი არნენ, – აქანამდის ჭირნახულთა ამას იქით გაიხარნეს.

1405. მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი. კვლავ შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი. აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი, მას მზესა მისცეს სალამი, წარდგეს მართ ვითა ხმობილნი.

1406. მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა, აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა, მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა, ორივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბარითა.

1407. ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს, მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოკითხეს; არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს, თავნი მათნი გაალომნეს, მათნი მბრძოლნი იშვლეს, ითხეს.

1408. სამასისა კაცისაგან ას სამოცი შეჰყოლოდა; ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ცალ-კერძ უხაროდა: მოჰნახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა, რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვა ვით ითქმოდა!

1409. მოჰკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები; სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები, თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები, იგი მზე შეჰსვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.

1410. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია, წამოიყვანეს იგი მზე, მათი-ღა წაგვრა ძნელია; ზღვათა ქალაქსა დამართეს, თუცა გზა მუნით გრძელია, სთქვეს: “ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია”.

მისვლა ტარიელისაგან ზღვათა მეფისას და ფრიდონისას.

1411. ზღვათა მეფესა წინაშე გაჰგზავნა მახარობელი; შესთვალა: “მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი; ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი; მწადიან, გნახო პატივით, ვითა მამა და მშობელი.

1412. “აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია; მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია; ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია, მისად მუქაფად რა გიძღვნა, – მძულს ცუდი ნაქადებია!

1413. “მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე, სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე, კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე, მე ვისწრაფი, ვერა გჰნახავ, შენ წამოდი, ჩემკერძ ირე.

1414. “თქვენ უბრძანეთ ჩემმაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა, გამოგზავნოს, ეამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა; მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვად ღა ვისსა, ვინ მზესაცა უნათლეა, არსე ვითა ბროლი ფისსა!”

1415. რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, – წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთომელსა — მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა, მაშინვე შესჯდა, არ უნდა მისლვა სხვასა ღა მხმობელსა.