ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

1048. ყმა ფრიდონს ეტყუის: “გესმოდეს ჩემი აწ მონაჴსენები: მე თქუენი გაყრა სიკუდილად მჩანს და მით თავსა ვევნები, მაგრა არა მცალს დღე-კრულსა, ცეცხლი მე მსხუაცა მედები გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიც, დია დავეყენები.

1049. “მართალ-ა, შენი გამყრელი თუალი თუ ცრემლსა ღვრიდესა, დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხუაცა მწვიდესა; დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქს, თავსა სწურთიდესა; სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა”.

1050. ფრიდონ უთხრა: “დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის; ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახუარი სხუა გესობის: წადი, ღმერთი გიწინამძღურებს, შენი მტერი დაემხობის, მაგრა თქუი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის?

1051. “ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი; თანა ყმათა წამოგატან, იმსახურე, იახლები, აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი; არ წაიტან, გაირჯები ღაწვი ვარდი, ცრემლთა მდენი” .

1052. მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა, სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა, სამოცი ლიტრა წითელი აწონით, არ ნაკლულითა, ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა.

1053. ერთსა ჯორსა წვივ მაგარსა საგებელი აუკიდა; წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მას თანავე გამოვიდა. აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა, მოსთქუამს: “თუმცა მზე გუეახლა, ჩუენ ზამთარი ვერ დაგუზრვიდა”.

1054. ზარი მის ყმისა გაყრილსა გაჴდა, მიეცნეს წუხილსა. მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ყიდდა, თუ ხილსა; ჴმა ზახილისა მათისა ჰგვანდა აერთა ქუხილსა, იტყოდეს: “მზესა მოვშორდით, მო, თუალნი მივსცნეთ წუხილსა!”

1055. ქალაქი გავლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა, მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა, მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა:

1056. “აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყუანეს ნავითა, კბილ-თეთრი, ბაგე ბალახში, სახედავითა შავითა; ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგურა ჴრმლითა და მკლავითა, შორს მნახეს, ადრე გამექცეს, ნავი მფრინვალე ჩნდა ვითა”.

1057. მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი, აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი, გაიყარნეს გაუყრელნი ძმად ფიცნი და ვითა ძმანი, ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკულელი ტანი.

წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა

1058. ყმა მიმავალი მიუბნობს, მგზავსი მთუარისა სრულისა. არს თინათინის გონება მისად სალხენლად გულისა; იტყუის: “მოგშორდი, სიცრუე, ვაჲ, საწუთროსა კრულისა! შენ გაქუს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.

1059. “რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამსალებისა; რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა! არ შეუძლია ლახუარსა დაჩენა სამსა ლებისა, შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა”.

1060. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა, წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა, დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა, ჩალად უჩნს ყოვლი ქუეყანა, მისვე ჩალისა წონითა.

1061. სადაცა ნახნის, ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი, ჰკითხის მის მზისა ამბავი; დღენი ვლნა გაასებულნი. ქედსა გარდადგეს, აქლემნი აუჩნდეს ლარ კიდებულნი. მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს, შეჭირვებულნი.

1062. მუნ ქარავანი ურიცხვი მისდგმოდა ზღვისა კიდესა, შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს, ვერცა ვლიდესა. ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა, ჰკითხეს: თუ: “ვინ ხართ ვაჭარნო!” – მათ საუბარი ჰკიდესა.

1063. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი. მოაჴსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი. ჰკადრეს: “მზეო,სიცოცხლე და შენ ამოჴე ჩუენი მლხენი, ჩამოჴე და მოგაჴსენოთ ამბავი და საქმე ჩუენი”.

1064. გარდაჴდა. ჰკადრეს: “ჩუენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი, მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გუისმან მაჭარნი, ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გამონაჭარნი, საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გუქუან ნაჭარნი.

1065. “ჩუენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე, უშველეთ, ენა მოეცა სიტყუისა გამომგებარე; ვკითხეთ, თუ “ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მძებარე?” გუითხრა: “თუ შეხვალთ, დაგჴოცენ; კიდე ცოცხალ ვარ მე ბარე!”

1066. “თქუა: “ქარავანი ეგუიპტით გამოვემართეთ ერითა, ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ ფერითა, მუნ მეკობრეთა დაგუჴოცნეს ძელის, საჴნისის წვერითა; ყუელაი წაჴდა, არ ვიცი, აქა მოსულვარ მე რითა!”