ვეფხისტყაოსანი (H-964.B), XIX ს.

79. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა თავმოდრეკით გაიღიმნა გაცინება დაუშვენდა თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა მეფე ბრძანებს რას იცინი ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა

80. კვლავ უბრძანა თავსა ჩემსა რას იცინი რა დამგმეო ყმამან ჰკადრა მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო რაცა გკადრო არ გეწყინოს არ გარისხდე არ გასწყრეო არ გამხადო კადნიერად არ ამიკლო ამათზეო

81. უბრძანა რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა ფიცა მზე თინათინისა მის მზისა მოწუნარისა ავთანდილ იტყვის დავიწყო კადრება საუბნარისა ნუ მოკვეხ მშვილდოსნობასა თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა

82. მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია ნაძლევი დავდვათ მოვასხნეთ მოწმად თქვენივე ყმანია მოასპარეზედ ვინ მგავსო ცუდნიღა უკუთქმანია გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მაედანია

83. მეფე ლაღი და წყლიანი გამხიარულდა მეტადრე სიცილით უთხრა ავთანდილს შვილად გზრდი მით შემეკადრე იცი არ გიწყენ გაზრდილი მით შემამიხვე ზედადრე თუ არ გასწბილდე მაჯობო ბედი გეყოფის ბედადრე

84. როსტევან უთხრა მით მკადრე არ ეჭვდი ჩემგან წყენასა რასთვის შემკადრე საუბრად ვით ათქმევინე ენასა სრულ სპათა ყური მოუპყრან ჩემთა ნათქვამთა სმენასა თუ არ გასწბილდე მაჯობო ბედი გითოვდეს ზე ნამსა

85. მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა ბრძანე ვისროლოთ ნუ იქო შედრეკილობა კლებასა კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა მერმე გამოჩნდეს მაედანს ვისძი უთხრობდენ ქებასა

86. ავთანდილცა დამორჩილდა საუბარი გარდაწყვიდეს იცინობდეს ყმაწვილობდეს საყვარლად და კარგად ზმიდეს ნაძლევიცა გააჩინეს ამა პირსა დაასკვნიდეს ვინცა იყოს უარესი თავშიშველი სამ დღე ვლიდეს

87. მეფე უბრძანებს კაცი ხამს ჩვენთა ნაკრავთა მთვალებლად ნაკრავსა შემადარებლად და მკვდართა არ დამმალავად სხვანი ისრისა მმართავად მომრთმელი არ ღაფალ ავად შენთა ნაკრავთა მართლად თქმა სხვათათვინს არ დამმალავად

88. კვლავ ბრძანეს მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად თორმეტი ჩემად ისრისა მამრთმევლად მოსახმარებლად ნასროლ ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად მიუმცდარებლად ერთი ღა შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად

89. მონადირეთა უბრძანა მინდორნი მოიარენით დასცევი ჯოგი მრავალთა თავნი ამისთვის არენით ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს მოდით და მოიჯარენით გაყარეს სმა და ნადიმი მუნ ამაოდ გავიხარენით

90. უბრძანა სრულად ლაშქართა ვით ხელმწიფეთა წესია ყოვლგნით მოცევით მინდორი მუნ ცეცხლი ნუ აკვესია სადაც რომ ნახოთ ნადირი ჩვენზედა მოასხესია აწ პატრონ ყმანი ნახენით რომელი უარესია

91. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი ძოწეულითა მოსილი პირად ბროლ ბალახშოსანი თავს ოქრო რიდე ეხვია შვენოდა ქარქაშოსანი მეფესა გასლვად აწვევდა მოდგა თეთრ ტაიჭოსანი

92. შეეკაზმა მეფე შეჯდა ნადირობას გამოვიდეს მრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს ალყას გარე შემოჰკრვიდეს ზეიმი და ზარი იყო სპანი ველთა დაფარვიდეს ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს

93. უბრძანა მონა თორმეტი მოდით ჩვენთანა ვლიდითა მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით ისარსა მოგვართმიდითა ნაკრავსა შეადარებდით ნასროლსა დასთვალვიდითა დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა

94. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშმიუცთომელი ირემი თხა და კანჯარი ქურციკი მაღლა მხლდომელი მას პატრონყმანი გაუხდეს ჭვრეტადმცა სჯობდეს რომელი აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი

95. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს მიხოცდეს და მიისროდეს მინდორს სისხლთა მიასხმიდეს რა ისარი დაელივის მონანიყე მოართმიდეს მხეცნი მათგან დაკოდილნი ბიჯსა წაღმა ვერ წასდგმიდეს

96. იგი ველი გაირბინეს ჯოგი წინა შემოისხეს დახოცეს და ამოწყვიდეს ცათა ღმერთი შეარისხეს ველნი წითლად შეეღებნეს ნადირთაგან სისხლი ისხეს ავთანდილის შემხედველთა ჰგავსო ალვას ედემს ის ხეს

97. იგი მინდორი დალივეს მართ მათგან განარბენია მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია ნადირნი ტყესა შეესწრნეს სადა ვერა რბის ცხენია იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს რაზომცა მხნენია

98. ერთმანერთსა თუ მე გჯობო სიცილით ეუბნებოდეს ამხანაგობდეს ლაღობდეს იქით და აქათ დგებოდეს მერმე მოვიდეს მონანი რომელნი თანა ყვებოდეს უბრძანა თქვითო მართალი ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს