ვეფხისტყაოსანი (H-964.B), XIX ს.

59. მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა ამად ტირს ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა მეფე სწვრთის მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა

60. უბრძანა ნუ სტირ ასულო ისმინე ჩემი თხრობილი დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი აქათგან ესე სამეფო მართ შენია მონდობილი ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა იყავ წყნარი და ცნობილი

61. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების უხვი ახსნილსა დააბამს იგი თვით ების ვინ ების უხვად გასცემდი ზღვათაცა შესდის და გაედინების

62. უთრუთ სააბ ზაალ როსტომ აიოზ და სალამ თურა ვერც მათ იპყრეს ეს სოფელი დაემართა იცი თუ რა კაცს ეჭიროს კარგი საქმე ჴელთა ქორსა ვითა თურა არ დაიგმოს მოყურისაგან ათქმევინოს რა ქნა თუ რა

63. მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია უხვსა მორჩილობს ყოველი იგინიც ვინ ორგულია სმაჭამა დიდად შესარგი დება რა სავარგულია რასაცა გასცემ ჩვენია რას არა დაკარგულია

64. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა ყურსა უპყრობდა ისმენდა წვრთასა არ მოიწყინებდა მეფე სმასა და მღერასა იქს მეტად მოილხინებდა თინათინ მზესა სწუნობდა მაგრა მზე თინათინებდა

65. რა გადიდა ნადიმობა დაატკბობდეს ჩანგი ხმასა მათ ტურფათა სანახავად ჯარი მოდგის ბანის ბანსა ბულბული და იადონი იზახოდეს მულღანზარსა თავის მსმელთა დავლიოთო ძალი მისცეს ღვინის სმასა

66. მოიხმო მისი გამზრდელი ერთგული ნაერთგულევი უბრძანა ჩემი საჭურჭლე შენგან დანაბეჭდულევი მომართვი ჩემი ყველაი ჩემი ნაუფლისწულევი მოართვეს გასცა უზომო უანგარიშო ულევი

67. მას დღე გასცემს ყოველსა სივაჟისა მოგებულსა რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა მერმე ბრძანა ვიქ საქმესა მამისაგან სწავლებულსა ჩემსა ნუვინ ნუ დამალავთ საჭურჭლესა დადებულსა

68. უბრძანა წადით გახსენით რაცა სად საჭურჭლენია ამილახორო მოასხით რემა ჯოგი და ცხენია მოიღეს გასცა უზომო სიუხვე არ მოსწყენია ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი მართ ვითა მეკობრენია

69. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა ვითა ნათურქალსა მას ტაიჭსა არაბულსა ქვენაბამსა ნასუქალსა რომე გვანდა სიუხვითა ბუქსა ზეცით ნაბუქალსა რა დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა

70. მის ჯარისა სიხარული მე გიამბო ამად კიდე რა გარდახდა ოდენ ჭამა ხელმწიფემან თავი ჰკიდა ავთანდილ და სოგრატ ჰკვირან ნეტარ რა ვთქვათ წაეკიდა საჭურჭლეთა გარდაგება დაუმძიმდა მეტად კიდა

71. დღე ერთ გარდახდა პურობა სმა ჭამა იყო ხილობა ნადიმად მჯდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო შექმნეს ამისი ცილობა

72. თავსა ზის პირმზე ავთანდილ მჭვრეტთაგან მოსანდომია დიდი სპასპეტი ჩაუქი ვითა ვეფხი და ლომია ვაზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა ანუ რად ფერი ჰკრთომია

73. თქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა ავთანდილ თქვა სოგრატ ვკითხოთ გვითხრას რამცა შეგვეცილა ვჰკადროთ რამე სალაღობო რასათვისმცა გაგვაწბილა

74. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა თვითო აივსეს ჭიქები მივლენ ქცევითა წყნარითა წინა მიუსხდეს მუხლმოყრით პირითა მოცინარითა ვეზირი ჰკადრებს ენითა წყლიანად მოუბნარითა

75. დაგიღრეჯია მეფეო აღარ გიცინის პირიო მართალ ხარ წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ ხშირიო ყოლამცა მეფედ ნუ დასვი თავსა რად უგდე ჭირიო

76. რა მეფემან მოისმინა გაცინებით შემოხედნა გაუკვირდა ვით მკადრაო ან სიტყვანი ვით გაბედნა კარგა ჰქენო დაუმადლა ბრძანებანი უიმედნა ჩემი ძრახვა სიძუნწისა ტყუის ვინცა დაიყბედნა

77. ეგე არ მიმძიმს ვაზირო ესეა რომე მწყენია სიბერე მახლავს დავლივენ სიყმაწვილისა დღენია კაცი არ არის სითგანცა საბრძანებელი ჩვენია რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია

78. ერთი ღა მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა ღ~თნ არ მომცა ყმა შვილი ვარ საწუთროსა თმობითა ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად ანუ კვლავ ბურთაობითა ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა