ვეფხისტყაოსანი (H-964.B), XIX ს.

20. თუ მიჯნურსა მიჯნურობა ეტლად მომცა რადგან ბედმან მე მით ვიცან საქმე მათი თავით ჩემით შენახედმან სიტყვა კარგი გამოვაგო ლექს მრავალმან ენა მეტმან შეიზომნეს ჭირნი მათნი ჭირთა ჩემთა მეათედმან

21. შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი საღმთო საღმთოდ გასაგონი მსმენელთათვის დიდი მარგი კულავ აქაცა იამების ვინცა ისმენს კაცი ვარგი გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამად კარგი

22. ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა მობურთალსა მოედანი მართლად ცემა მარჯვე ქნევა მართ აგრევე მელექსეთა ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა

23. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა დაუწყოს ლექსმან ძვირობა არ შეამოკლოს ქართული არა ქმნას სიტყვა მცირობა ხელ მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა იხმაროს დიდი გმირობა

24. მე ვიკადრებ ლექსთა კარგთა ვერვინ თქვას ჩემი ფერი ცხელის ცრემლით ავატირო მე სოფელი ჩემი მტერი ცა ქვეყანა შევათავო ვითა მიწა გავამტვერი ამა ჩემმან საუბარმან შეაქციოს ყმა და ბერი

25. მოშაირე არა ჰქვიან თუ სადმე თქვას ერთი ორი თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი განაღა თქვას ერთი ორი უმსგავსო და შორი შორი მაგრამ იტყვის ჩემი სჯობსო უცილობლობს ვითა ჯორი

26. მეორე ლექსი ცოტაი ნაწილი მოშაირეთა არ ძალუძს სრულ ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა დიდსა ვერ მოჰკვლენ ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა

27. ამბავი წვრილად უამბოს ზე სადმე არა წასთვალოს ყოვლსა კაცსა ამატებდეს ჭირსა თავი არ აკრძალოს ლექს ქართული აღარიბოს საუბარი გაასრულოს ნახოს კარგმან გამგონემან არა სადა არ აბრალოს

28. მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ სამღერელად სააშიკოდ სალაღობოდ ამხანაგთა სათრეველად ჩვენ მათიცა გვიამების რაცა ოდენ თქვან ნათელად მოშაირე არა ჰქვიან ვერას იტყვის ვინცა გრძელად

29. მე გიამბობ ვინცა იყვნეთ ხელობისა მოძებარი სხვასა ყოვლგნით მოეშვენით სოფლის ლხინად იგი კმარი მათად საქმე ვერ ვამსგავსე ვითა სმასა მეომარი ვისთა თუალთა ყოვლი თემი ერთად უჩანს იგივ არი

30. ხამს მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმუბდეს ერთი უჩნდეს სამიჯნურო ერთსა ვისმე აშიკობდეს ყოველსა მისთვის ხელოვნობდეს მას აქებდეს მას ამკობდეს მისგან კიდე ნურა უნდა მისთვის ენა მუსიკობდეს

31. ჩემი აწ სცანით ყოველმან მას ვაქებ ვინცა მიქია ესე მიჩნს დიდად სახელად არ თავი გამიქიქია იგია ჩემი სიცოცხლე უწყალო ვითა ჯიქია მისი სახელი შეფრქვევით ქვემორე მითქვამს მიქია

32. ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა ძნელად სათქმელი საჭირო გამოსაგები ენათა იგია საქმე საზეო მომცემი აღმა ფრენათა ვინცა ეცდების თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა

33. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან ენა დაშვრების სმენლისა ხორცნიცა დავალდებიან ვსთქვათ ხელობანი ქვენანი რომელნი ხორცთა ხვდებიან მართ მასვე ბაძვენ თუ ოდეს არ სიძვენ შორით ბნდებიან

34. მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხდომისა წყენითა ზოგთა აქვს საღ~თო სიახლე დაშვრების აღმა ფრენითა კულა ზოგთა ქვე უძს ბუნება კეკლუცთა ზედან ფრენითა

35. მიკვირს კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა ვინცა უყვარს რად აყივნებს მისთვის მკვდარსა მისთვის წყლულსა თუ არ უყვარს რად არა სძულს რად აყივნებს რაცა სძულსა ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა

36. თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს ტირილსა ემართლების სიარული მარტოობა შვენის გაჭრად დაეთვლების იგონებდეს მისგან კიდე ნურა ოდეს მოეცლების არ დააჩნდეს მიჯნურობა სჯობს თუ კაცსა იახლების

37. მას ცოცხალი ნუ ელევის რაცა პირველ შეუყვარდეს ნუცა ლხინსა აუზავდეს ნურცა ჭირსა შეუზარდეს მისთვის დასთმოს ყველაკაი მისთვის ველთა გამოვარდეს ნურა გავა სოფელიცა მისი კერძი გარდაქარდეს

ამბავი როსტევან არაბთა მეფსა

38. იყო არაბეთს როსტევან მეფე ღმერთისაგან სვიანი მაღალი უხვი მდაბალი ლაშქარ მრავალი ყმიანი მოსამართლე და მოწყალე მორჭმული განგებიანი თვით მეომარი უებრო კულავ მოუბნარი წყლიანი