ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

1124. ესე გვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა; მერმე იტყუის: “ჩემი შემწე ჩემგან კიდე არავინა-ა; რასათჳსცა გამოჭრილ ვარ, მისი ძებნა რადგან მინა, რათამცა ვით ვჰპოებ, მას ვიქ, გულმან სხუამცა რა ისმინა!”

1125. “ისი დიაცი აქა ზის, კაცთა მნახავი მრავალთა, მოსადგურე და მოყუარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა; მივჰყუე, მიამბობს ყუელასა, რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა, ნუთუ რა მარგოს, მე მისი გარდაჴდა ჩემგან ვცნა ვალთა”.

1126. თქუა: “დიაცსა ვინცა უყუარს, გაექსვის და მისცემს გულსა, აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლე კრულსა; რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა, მიჯობს, მივჰყუე, განაღ რასმე ვსცნობ საქმესა დაფარულსა”.

1127. კულა იტყუის: “ვერვინ ვერას იქს, თუ ეტლი არ მოსთმინდების; მით რაცა მინდა, არა მაქუს, რაცა მაქვს , არ მამინდების; ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წამოდინდების!”

წიგნი ავთანდილისა ფატმანს თანა

1128. მიგეწერა: “წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება. შენ მამასწარ, თუარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება; შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვეტლად შენი ხლება, შეყრა არის პირიანი, ორთავეა რადგან ნება”.

1129. ფატმანისას ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე; მიუწერა: “კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე, აწ ვიქნები თავის წინა, აქა მპოვე მარტო სამე, მამისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე”.

1130. მას ღამითვე საწვეველი რა მიართუეს წიგნი ყმასა, შეღამდა და წაცავიდა, სხუა ემთხუია მონა გზასა: “ამაზ ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთჳს მზასა”. მას ეწყინა, არ დაბრუნდა, თქუა თუ: “გავსო ეგე რასა?”

1131. წვეული აღარ დაბრუნდა, კულა ზევე უკუ წვევითა. ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა, დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესლვითა, შე ვითა, ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.

1132. ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი; შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან ნაკუთიანი, შემოვლო ახლოს, შემოჰყუა მონა ჴრმალ დარაკიანი, დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ, გავსო, თუ გზაა კლდიანი.

1133. ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა. მან გაკუირვებით უჭურიტა მათსა ლაღობა-წოლასა; უთხრა: “არ გიშლი, დიაცო, ფერთა მიდამო კრთოლასა. გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!

1134. “გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად: მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად; დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!”

1135. ესე თქუა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი. ფატმან შექნა თავსა ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი; ცრემლთა მისთა შეეყარნეს, წყაროსებრი ისმის წკარნი; თქუა: “დამქოლეთ, მოდით, ქუითა, მომადეგით მომაკარნი!

1136. მოსთქუამს: “მოვჰკალ თავი ქმარი, ამოვწყუიტენ წურილნი შვილნი, იავარ ვჰყავ საქონელი, უსახონი თუალნი თლილნი, გავეყარე საყუარელთა, ვაჲ, გამზრდელნი, ვაჲ გაზრდილნი! ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა, სიტყუანია ჩემნი წბილნი”.

1137. ამას ყუელასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული; უბრძანა: “რა გჭირს, რას იტყუი, რასთჳს ხარ აგრე ვებული; რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული? დადუმდი, მითხარ, ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული?”

1138. დიაცმან უთხრა: ”ჰე, ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა, ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა; დავჴოცენ შვილნი ჴელითა, მით ვარ აღარას ლხენითა. თავი მოვიკალ უთმინოდ სიყუარულითა შენითა.

1139. “ესე გვარი დია მიხუდეს სიტყუა მცთარსა, ენა მეტსა, ხვაშიადთა ვერ დამალავს, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა; ვაგლახითა მეწიენით, გეტყუი ყოვლსა ჩემსა მჭურეტსა, მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხურეტსა.

1140. “ორისაგან ერთი ქენით, ამის მეტსა ნურას ჰლამით: მოვითაჰკლავ იმა ყმასა, წადი, მოკალ მალვით ღამით, მე და სრულად სახლი ჩემი დაჴოცასა დაგუჴსენ ამით! მოხვალ, გითხრობ ყუელაკასა, მე ვითა ვარ ცრემლთა ლამით.

1141. “თუარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა, დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მირითა. ვეჭუ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა, თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა”.

1142. რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება ზიარსა, ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მჴნე არსა! “ამა საქმესა ვერ ცნობა, თქუა, ჩემი სიძუნტე არსა”. ნუ ეჭუ სულდგმულსა მისებრსა არცა მისებრი სხუა არსა!