ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

1162. “მე შორვიდა, ვერად ვიცან; მომეახლა, იყო ნავი; ორთა კაცთა, ტანად შავთა, თჳთ პირიცა ედგა შავი; იქით აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი, გამოიღეს, გამიკუირდა იგი უცხო სანახავი.

1163. “გამოზიდეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა, მიიხედეს, მოიხედეს, ვინ გუიჭურეტსო, სადა, ვინა, ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა; მე იდუმალ ვიხედვიდი, სულღებული ვიყავ შინა.

1164. “მით ნავიდაღმე მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა, აჴადეს, ქალი გარდმოსვეს უცხოთა რამე ტანითა, თავსა რიდითა შავითა, ტანსა მოსილი მწუანითა, მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.

1165. “რა მობრუნდა ქალი ჩემკენ, შემოადგა სხივნი კლდესა, ღაწუთა მისთა ელვარება ელვარებდა ჴმელთ და ზესა; დავიხუჭენ თუალნი, ყოლე ვერ შევადგენ, ვითა მზესა, უკმოვიჴარჩ კარი, ჩემკენ , მათი ჭურეტა ვერა სცნესა.

1166. “მოვიჴმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი, უჩვენე: “ხედავთ, ინდოთა ტყუედ ჰყუანან შუქნი რომელნი? ჩაეპარენით, ჩადითო, წყნარად, ნუ ჩქარად მხლტომელნი, მოგყიდონ, ფასი მიეცით, რისაცა იყუნენ მნდომელნი.

1167. “თუ არ მოგცენ, ნუღარ მისცემთ, წაგვარეთ და დაჴოცენით, მოიყუანეთ ისი მთუარე, ქენით კარგა, ეცადენით!” ჩემნი ყმანი ზედადაღმან ჩაეპარნეს, ვითა ფრენით, დაევაჭრეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.

1168. “მე სარკმელთა გარდავადეგ. რა შევიგენ, არ მოჰყიდეს, შეუზახენ: “დაჰჴოცენით!”, დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს; იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს; ჩავეგებე, გამოვგვარე, ზღვის პირს ხანს არ ზმიდეს.

1169. “რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა! ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა მართებს მზესა მზობა! ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქნას ნახაზობა! მე თუ დამწვავს, აჰა მზა ვარ, არა უნდა ამას მზობა!”–

1170. ესე სიტყუა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ჴელნი; ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი; ერთმანერთი დაავიწყდა, მისთჳს გაჴდეს ვითა ხელნი, ღვარმან, ზედათ მოდენილმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.

1171. მოიტირეს. ყმამან უთხრა: “ნუღარ გასწყვეტ, გაასრულე”. ფატმან იტყუის:– “მივეგებე, გული მისთჳს ვაერთგულე, გარდუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე, ზედან დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკუეთე, გავესულე.

1172. “ვჰკადრე: “მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა, ამა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ, პატრონი ცისა ჴომთა?” მან პასუხი არა მითხრა მე სიტყუათა ესე ზომთა, ას ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა, მისთა მონაწთომთა.

1173. “რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბნარითა, გულ ამოჴვრჩვინით ატირდა მით რამე ჴმითა წყნარითა; ბროლ ლალსა ღვარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა; მისი მჭურეტელი დავიწვი, გავჴე გულითა მკუდარითა.

1174. “მითხრა: “შენ ჩემთჳს, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა, რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა! ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა; თუ რაცა მკითხო, ძალი-მცა გიგმია არსთა მხედისა!”

1175. “ვთქუი: “უჟამოდ არ წესია მოყუანა და მზისა ჴმობა: მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა; ჴმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა. რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა?”

1176. “ავიყუანე იგი პირმზე ნაქები და ვერ ვთქუი უქი; სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი, ჩამოვბურე მრავალ კეცი სტავრა მძიმე, არ სუ-ბუქი; ცრემლსა სეტყუს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი.

1177. “მოვიყუანე ჩემსა შინა იგი პირმზე ტანით ალვით, მოუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით; არვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით, ერთი ზანგი ვამსახურე; მე შევიდი, ვნახი ხალვით.

1178. “ვით გიამბო საკუირველი მე, გლახ, მისი ყოფაქცევა, დღე და ღამე გაუწყუედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა! შევეხვეწი: “დადუმდიო”, წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა. აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაჲ-ჰაჲ ჩემთჳს, ვაგლახ მე, ვა!

1179. “შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები, შიგან მელნისა მორევსა ეყრდნის გიშრისა შუბები, მელნისა ტბათა იღვრების სავსე სათისა რუბები, შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები.

1180. “ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან, თუმცა მეკითხა: “ვინ ხარ და ეგრე გასრული რისაგან?” მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან, მას ჴორციელი რა გასძლებს სხუა, კიდეგანი ქვისაგან!

1181. “არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა, მიწყივ იყუის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა, მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა, ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.